რუსული ჯარები მარიუპოლის მოსახლეობის ნაწილს იტაცებენ. ინფორმაციას უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერია ავრცელებს.
მარიუპოლის 4000-4500 მცხოვრები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე როსტოვის ქალაქ ტაგანროგში პასპორტების გარეშე გადაიყვანეს.
“რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები, მარიუპოლის მოსახლეობას ძალის გამოყენებით აიძულებენ რუსეთში, ან დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე გადასვლას. დღეს დილის 8 საათის მონაცემებით, გვაქვს ინფორმაცია, რომ აზოვსტალისა და მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს ქუჩების მოსახლეობა არალეგალურად გადაჰყავთ მტრის ტერიტორიაზე.
ხალხს, ვინც იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ართმევენ უკრაინის პასპორტს და სანაცვლოდ აძლევენ ქაღალდს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს და არაა აღიარებული ცივილიზებულ სამყაროში“, – აღნიშნულია მარიუპოლის მერიის ტელეგრამ არხზე.
რუსული მხარე აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად არ გამოხმაურებია, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ მანამდე აღნიშნა, რომ ათასობით უკრაინელს სურს ,,რუსეთში გაქცევა“ და მთავრობა მათ ეხმარება.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში
