LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება

46

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტიდან ის მუხლი ამოიღო, რომლითაც ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა უნდა აკრძალულიყო.

ეს სიახლე ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა გააცნო.

მუხლის ამოღების მიზეზი, დეკემბერში საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებაა, რომლის შედეგადაც, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟება იმდენად გაძვირდა, რომ მისი შემოყვანა შეამცირა.

“პარლამენტმა დეკემბერში მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რამაც გარკვეულწილად გააძვირა განბაჟება და შეამცირა ის რისკები, რომ გაიზრდებოდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა და გაუთანაბრდებოდა მარცხენასაჭიანებს. შესაბამისად, ჩვენ უფრო მკაცრ მიდგომებს აღარ მოვითხოვთ და ეს ნაწილი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან. ანუ არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანები, ვისაც უღირს იმ ფასად, შემოიყვანოს”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

კანონპროექტში უცვლელი რჩება ე.წ. უკონტაქტო პატრულირება და მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, ღია საკომიტეტო ფორმატში, ორშაბათიდან განახლდება. ეს საკითხი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში უმრავლესობის ლიდერთან და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან განიხილა.