მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ხანალი გახრამანოვის განცხადებით, მასწავლებელმა, რომელმაც მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და სკოლიდან წავიდა.
როგორც გახრამანოვმა „ფორტუნას“ განუცხადა, მომხდარის შემდეგ მასწავლებელთან რესურსცენტრს დამატებითი შეხვედრა ან საუბარი არ ჰქონიათ, თუმცა მომხდარს კატეგორიულად გმობენ.
„მასწავლებელმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერა და სკოლის მხრიდანაც მისი განცხადება დაკმაყოფილებულია. რაც შეეხება უშუალოდ ფაქტს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მომხდარის შემდეგ, მასთან კომუნიკაცია არ გვქონია“, – განუცხადა „ფორტუნას“ ხანალი გახრამანოვმა.
აღსანიშნავია, რომ რახმან მუსაევი (მასწავლებელი) მარნეულის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით იყო შესული.
როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძე განაცხადა, რახმან მუსაევმა საკუთარი დანაშაული გაიაზრა და სკოლასთან ერთად, საკრებულოც დატოვა.
„იცით, რომ მან სკოლაში თავის თანამდებობა დატოვა. დღეს მან განცხადება საკრებულოში უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დაწერა. ასე რომ, ის გრძნობს იმ შეცდომას, რაც დაუშვა და თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განცხადება დაეწერა.“– განაცხადა ამირან გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის სოფელ კირიხლოს სკოლაში ქართული ენის მასწავლებელმა მოსწავლეებს, საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო, დასჯის მიზნით, მუხლებზე დადგომა აიძულა. დასჯილ ბავშვებს კი ფოტო გადაუღო და ახლობლებს გაუგზავნა.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.