LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარშალის გეგმა: საიდან მოდის ევროპის ამერიკაზე დამოკიდებულება

117
Capture

მსოფლიო დღეს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს ქვეთავს გადის. დასავლეთს არა ცივი, რამედ გაცხადებული ომი აქვს ბოლო საუკუნის მთავარ მეტოქესთან, რუსეთთან. ამ კონფლიქტის შედეგებსა და „შეთანხმებაზე“ დიდწილად იქნება დამოკიდებული სამყაროს მომავალი. თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ევროპა ერთგვარად გამოფხიზლდა და სულ უფრო და უფრო აქტიურად საუბრობს საკუთარი უსაფრთხოების საკუთარი ძალებით უზრუნველჰყოფაზე. არადა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვითარება სხვაგვარი იყო: ომებში ძალაგამოლეულ ევროპას სხვა საზრუნავი გაუჩნდა და დომინირება შეერთებულმა შტატებმა აიღო.

1947 წლის 5 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა დასავლეთ ევროპას ამერიკული დახმარება შესთავაზა.
თუმცა მანამდე ევროპის ქვეყნებს უნდა დაედოთ შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავდა თითოეული ქვეყნისთვის საჭირო დახმარების ოდენობას. მან ასევე დასძინა, რომ „ამიერიდან, ნებისმიერი მთავრობა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, შეეცდება გაახანგრძლივოს კაცობრიობის ტანჯვა, შეხვდება ამერიკის წინააღმდეგობას“.

12 ივლისს გაიხსნა ევროპის აღდგენის კონფერენცია, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა მარშალის გეგმის მიღების პირობები. კონფერენციაში მონაწილეობა დასავლეთ ევროპის მხოლოდ 16 ქვეყანამ მიიღო. საბჭოთა კავშირმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, გარდა ჩეხოსლოვაკიისა, უარი თქვეს მიწვევაზე.

ივლისის ბოლოს ვაშინგტონში დამტკიცდა მარშალის გეგმა, რომელიც მიიღეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა. აგვისტოში დასავლეთ გერმანია დაემატა მარშალის გეგმის მიხედვით დახმარების მიმღებ ქვეყნებს.

მარშალის გეგმის პირდაპირი განხორციელება დაიწყო 1948 წლის ივნისში.
ცივი ომის გამოცხადების საპასუხოდ, სსრკ-ს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, საფრანგეთისა და იტალიის კომუნისტური და მუშათა პარტიების წარმომადგენლებმა 1947 წლის სექტემბერში ვარშავაში გამართეს ცხრა ქვეყნის პარტიების შეხვედრა, რომელზეც მიიღეს რეზოლუცია ჟდანოვის მოხსენების შესახებ. ჟდანოვის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ „მარშალის გეგმა არის მხოლოდ ამერიკის გეგმის ნაწილი მსოფლიო პოლიტიკური ექსპანსიისთვის, რომელიც გამოიყენება ევროპაში“, და ამიტომ „ყველა ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული მის განხორციელების თავიდან ასაცილებლად“.

მარშალის გეგმა დასრულდა 1951 წლის ბოლოს. ამის შემდეგ აშშ გადავიდა სამხედრო დახმარების გაწევაზე უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად. მარშალის გეგმის სამნახევარი წლის განმავლობაში ევროპას 11.4 მილიარდი დოლარი გადაეცა. ამ დახმარებით ევროპის სამრეწველო დონემ ომამდელ დონეს დაახლოებით 37 პროცენტით გადააჭარბა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი აქცენტი გაკეთდა სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რურის აუზს (ურბანული აგლომერაცია გერმანიაში). შედეგად მკვეთრად გაიზარდა სამხედრო ხარჯები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამავე პერიოდში მკვეთრად გაიზარდა სახელმწიფო სესხების საკითხი. ინგლისში სესხების მოცულობამ ომამდელ (1938 წ) დონეს 3.5-ჯერ გადააჭარბა, საფრანგეთში – 11.3-ჯერ, იტალიაში – 23-ჯერ.

მკვეთრად გაიზარდა მარშალიზებული ქვეყნების ეკონომიკური დამოკიდებულება აშშ-ზე.

წინაპირობები

მეორე მსოფლიო ომმა მძიმე ეკონომიკური, მატერიალური და დემოგრაფიული ზიანი მიაყენა ყველა ქვეყანას გამონაკლისის გარეშე. თავად საბჭოთა კავშირის გარდა, ევროპის მრავალი ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ზოგიერთ ინდუსტრიაში წარმოება ომამდელ მაჩვენებელთან შედარებით 25-50%-ით დაეცა, ხოლო საგარეო ვალმა ასტრონომიული 25 მილიარდი ფუნტი შეადგინა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც გლობალური კონფლიქტი შედარებით მარტივად გაიარა, იყო შეერთებული შტატები.

მიზნები და ამოცანები

მარშალის გეგმის მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ გამოიყენებდა სახსრებს ომით განადგურებული რეგიონების აღსადგენად, მრეწველობის მოდერნიზაციისთვის, სავაჭრო ბარიერების მოსახსნელად და ევროპის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ეკონომიკური საკითხების განხილვის გარდა, მარშალის გეგმა მიზნად ისახავდა „კომუნიზმის შეკავებას“, ანტიკომუნისტური რეჟიმების გაძლიერებას და ევროპის ქვეყნების დასავლურ სამხედრო ალიანსში შეყვანას.

მიზნები:
ევროპაში წარმოებისა და სოფლის მეურნეობის გაფართოება;
ყველა ევროპულ ქვეყანაში სტაბილური ვალუტებისა და დაბალანსებული სახელმწიფო ბიუჯეტის აღდგენა;
საერთაშორისო ვაჭრობის სტიმულირება ევროპის ქვეყნებს შორის და ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.

მონაწილე ქვეყნები

პირველი ქვეყნები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მარშალის გეგმას, იყვნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.
საბჭოთა კავშირმა უარი თქვა ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე, ჩათვალა იგი შიდა საქმეებში ჩარევად და მხარს უჭერდა თანაბარ ეკონომიკურ თანამშრომლობას სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემით. სსრკ-ს პოზიციამ ვერ ჰპოვა მხარდაჭერა დასავლეთის ქვეყნებში და შედეგად საბჭოთა კავშირმა და შემდგომში სოციალისტურმა ბანაკმა (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა) უარი თქვეს ამერიკის დახმარებაზე.

მარშალის გეგმაში მონაწილეობაზე დათანხმდნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ირლანდია, ისლანდია, პორტუგალია, ავსტრია, შვეიცარია, საბერძნეთი და თურქეთი. 1947 წლის ივლისში ამ ქვეყნებმა დადეს კონვენცია ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტის შექმნის შესახებ, რომელსაც უნდა შეემუშავებინა „ევროპის აღდგენის პროგრამა“. მოგვიანებით მონაწილე ქვეყნების სიას დასავლეთ გერმანიაც შეუერთდა.

ზოგიერთმა ქვეყანამ დაარღვია წესები ამერიკული ფულის სხვა მიზნებისთვის დახარჯვის მცდელობით. ამის გამო იტალია სანქცირებულიც კი იყო და საბერძნეთი 1950 წელს გეგმიდანაც კი „გააგდეს“ დარღვევების გამო.

ხელშეკრულების პირობები

აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა დაამტკიცა მარშალის გეგმა 1948 წლის 3 აპრილს. ხელშეკრულების თანახმად, მონაწილე ქვეყნები ვალდებული იყვნენ ხელი შეეწყოთ თავისუფალი მეწარმეობის განვითარებისთვის, ფინანსური სტაბილურობისთვის და წაეხალისებინათ კერძო ამერიკული ინვესტიციები.

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო ეროვნული ვალუტით სპეციალური ფონდების შექმნა და შეერთებული შტატების ამ ფონდებიდან სახსრების გამოყენების კონტროლის შესაძლებლობა. ევროპულ ქვეყნებს ასევე მოეთხოვებოდათ აშშ-ის მთავრობისთვის მიეწოდებინათ რეგულარული ანგარიშები მისგან მიღებული თანხების გამოყენების შესახებ. გარდა ამისა, ამერიკის ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ კომუნისტური პარტიების წარმომადგენლები მოეშორებინათ მონაწილე ქვეყნების მთავრობებს.

მარშალის გეგმა ოფიციალურად დასრულდა 1951 წლის 30 დეკემბერს ურთიერთუსაფრთხოების აქტის ამოქმედებით.

მარშალის გეგმის შედეგები

1947 წლის უზარმაზარი საგარეო სავაჭრო დეფიციტი მთლიანად აღმოიფხვრა 1953 წლისთვის. ევროპამ დაიწყო ექსპორტი და საგადამხდელო ბალანსი დადებითი გახდა. ეს უზარმაზარი მიღწევაა.

ექსპერტების აზრით, მარშალის გეგმამ არაერთგვაროვანი გავლენა მოახდინა ევროპის ქვეყნების ეკონომიკაზე. ერთის მხრივ, მრეწველობა აღორძინდა დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და მთავრობებმა გადაიხადეს საგარეო ვალები. ევროპამ დაიწყო ექსპორტი და საგადამხდელო ბალანსი დადებითი გახდა.

თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობა შეძლებდა ეტაპობრივად გამოსულიყო ომისშემდგომი კრიზისიდან აშშ-ის დახმარების გარეშე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მარშალის გეგმის წვლილი ეკონომიკის აღდგენაში ფაქტობრივად არც ისე მნიშვნელოვანი იყო – მთლიანი ზრდის მოცულობის მხოლოდ 10%.

ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მარშალის გეგმამ გამოიწვია ცივი ომის გაღრმავება, ვინაიდან მან შექმნა წინაპირობები დასავლეთის ქვეყნების ინტეგრაციისთვის, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში.

გარდა ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ზე ორიენტირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა დასავლეთის ქვეყნების უმეტესობაში ძალაუფლება მოიპოვეს და მარშალის გეგმის წყალობით დღემდე იქ რჩებიან.

მარშალის გეგმამ არა მხოლოდ აღადგინა დაზიანებული ეკონომიკა, არამედ მოიტანა გაერთიანებული ევროპის გაჩენა საერთო ბაზრით. ეს გახდა ევროკავშირისა და ნატოს დაბადების საფუძველი.

ფოტო: history
defenseone
cvce

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g