N147 სამარშრუტო ტაქსში დღეს წვიმდა. თამუნა ლუკავა ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ტრანსპორტში მგზავრს ქოლგა აქვს გაშლილი, რადგან სახურავიდან წყალი წვეთავს.
“ვიცინო თუ ვიტირო არ ვიცი ? ამ ქალაქს პატრონი ყავს? XXI საუკუნეში საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომ ქოლგის გაშლა გიწევს, ამას რა ჯანდაბა ქვია” – წერს თამუნა ლუკავა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მომხდართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ. როგორც “ფორტუნას” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ინტენსიური წვიმის გამო, წყალმა ლუქიდან გაჟონა. მათივე ცნობით, ახლა ეს კონკრეტული სამარშუტო ტაქსი ავტოფარეხშია.
“მიკროავტობუსი ავტოფარეხიდან დილას 7 საათზე გამოვიდა. ამ დროს ინტენსიურად წვიმდა. როდესაც უკვე მგზავრები მიკროავტობუსში ჰყავდა აყვანილი, ლუქიდან წყალმა გაჟონა. ვისაც ავტომობილი ჰყავს მიხვდება, რომ ინტენსიური წვიმის დროს აქ არაჩვეულებრივი არაფერი არ არის. რადგანაც გარეთ ძალიან წვიმდა, მძღოლი მგზავრებს ბუნებრივია, ვერ ჩამოყრიდა ქუჩაში. მან ახალი მგზავრები აღარ აიყვანა, არსებულების დანიშნულების ადგილამდე მიყვანის შემდეგ, შებრუნდა ავტოფარეხში, სადაც მიმდინარეობს მისი შეკეთება,” – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა “ფორტუნასთან”.