LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართალია, საოცრად სევდიანი სიმღერაა, მაგრამ ძალიან მომეწონა და პრაქტიკულად 15 წუთში ჩავწერეთ – ლაშა ღლონტი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

12
lashaglontidueti

15 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ჯგუფის „ალილო“ შემქმნელი და მუსიკალური ხელმძღვანელი ლაშა ღლონტი სტუმრობდა ახალი სიმღერის „ის როდის მოვა“ პრემიერით.

– ლაშა, პირველ რიგში, კოვიდის დამარცხებას და გამოჯანმრთელებას  გილოცავ,

– მართლაც რთული პერიოდი მქონდა. თავიდან მეც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ბევრი რამის არც მე მჯეროდა, თუმცა საკუთარ თავზე გამოვცადე ვირუსის მთელი სიმძიმე. ამიტომ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგა ექიმებს, ვინც დღესაც დაუღალავად იბრძვის პაციენტების გადასარჩენად.

– ალბათ, სიმღერამაც თავისი წვლილი შეიტანა შენს გამოჯანმრთელებაში?

– რა თქმა უნდა, კარგი სიმღერა და პოზიტიური განწყობა იმუნიტეტსაც აძლიერებს. სინამდვილეში ყველა დაავადება იმუნიტეტის სისუსტით ჩნდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი კარგი განწყობით გაძლიერება.

– ახალი სიმღერები ხომ არ შეგიქმნია, ან თუნდაც პოპურის გაკეთება ხომ არ გიცდია პანდემიის დროს. როგორც ვიცი, „არ დაიდარდოს“ პოპურიც შენი შექმნილია?

– „არ დაიდარდოს“ პოპურზე „ალილოს“ წევრებმა ერთად ვიმუშავეთ. სწორედ ამიტომ გამოვიდა კარგი და მსმენელმაც ძალიან მოიწონა.

– როგორ გიჩნდება პოპურის გაკეთების იდეა?

– მეტწილად ერთი სიმღერაზე მუშაობისას მახსენდება სხვა სიმღერები და თითქოს თავისთავად იკვრება რამდენიმე კომპოზიცია.

– რა ისტორია აქვს სიმღერას „მომხვიე ხელები“, რომელსაც ჩვენს ეთერში შეასრულებ?

– სიმღერის ტექსტი გია ფერაძეს ეკუთვნის, მუსიკა კი, არაჩვეულებრივ კომპოზიტორს გოგი ჩლაიძეს. სიმღერის გაკეთება კარანტინის დროს გადავწყვიტე, როცა მართლა ძალიან გვენატრებოდა ერთმანეთის მოხვევა და ჩახუტება.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს, რამდენადაც ვიცი, სულ მალე ქართველი ემიგრანტებისთვის გეგმავ საღამოს მოწყობას?

– პანდემიამდე ვაპირებდი მასშტაბური ტურნეს მოწყობას ამერიკაში, გერმანიაში, ისრაელსა და ირლანდიაში, თუმცა ყველაფერი ჩაიშალა და სწორედ ახლა ვცდილობთ აღდგენას. ძალიან მიყვარს ამგვარი შეხვედრების მოწყობა, რადგან არა მხოლოდ ვმღერით, არამედ საინტერესო საუბრებსაც ვაწყობთ, ჩვენს ტკივილს და სიხარულს ვუზიარებთ ერთმანეთს. ახლო მომავალში ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ვაშინგტონში ვიმოგზაურებ, სადაც აუცილებლად შევხვდები მონატრებულ ემიგრანტებს.

– როგორ გრძნობ თავს ბაბუას როლში?

– ძალიან ახალგაზრდა – 20 წლის ვიყავი, როცა შვილი შემეძინა, ამიტომ უმცროსი დასავით გავზარდეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რადგან არც გამოცდილება გვქონდა და არც პასუხისმგებლობა, შვილიშვილის შეძენით კი, პრაქტიკულად მეორედ დავიბადე. მეგონა, ასაკის მატებასთან ერთად დავბერდებოდი, არადა ყველაფერი პირიქით მოხდა, ბავშვთან ერთად ჩვენც თავიდან დავიბადეთ.

– ვის ეკუთვნის სიმღერა „შენ რომ დიდი იქნები“?

– სიმღერა მამუკა ჩარკვიანს ეკუთვნის, რომელსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. თვითონ ვერ გავბედე მისთვის თხოვნა, თუმცა როცა შვილიშვილი შემეძინა, ჩემს მეგობარს ეკა გამცემლიძეს ვუთხარი და სწორედ მისი დახმარებით მივიღე მისი შესრულების უფლება. აქვე, მადლიერება მინდა გამოვხატო რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“  მიმართ, რადგან „ოქროს ტალღის“ ერთ-ერთ დაჯილდოებაზე, ქალაქური სიმღერის ნომინაციაში სწორედ ამ სიმღერამ გაიმარჯვა.

– როგორც ვიცი, სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება რამდენიმე წლის წინ ჩაიწერა, თუმცა ჯერ არ გაჟღერებულა,

– სიმღერა პანდემიამდე ჩაიწერა. მის შექმნაზე ეკა თევზაძემ იმუშავა, რომელიც წლების მანძილზე თანამშრომლობდა გოგი დოლიძესთან, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზა აიღო. საბედნიეროდ, რამდენიმე წლის წინ დამიკავშირდა და ახალი ნამუშევარი შემომთავაზა. მართალია, საოცრად სევდიანი სიმღერაა, მაგრამ ძალიან მომეწონა და პრაქტიკულად 15 წუთში ჩავწერეთ.

 

ლაშა ღლონტი – ის როდის მოვა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ლაშა ღლონტი – შენ დიდი იქნები. Live

 

ლაშა ღლონტი – მომხვიე ხელები. Live

 

ლაშა ღლონტი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები