მართლა ბნელა უკვე მგონი ამ ქვეყანაში. მაგ გოგოს თავი დაანებეთ თქვე არაფრისმაქნისებო და ნაგავსაყრელი დაასუფთავეთ თუ რამის თავი გაქვთ, – ამ განცხადებით “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი კახეთში სამოქალაქო აქტივისტის დაჯარიმებას ეხმიანება.
“საოცარი ამბავი ხდება კახეთში. სამოქალაქო აქტივისტმა, ძალიან მაგარმა მებრძოლმა გოგომ ნინო გოგოლაშვილმა გააპროტესტა სტიქიური ნაგავსაყრელი და ამ პრობლემისადმი ხელისუფლების უყურადღებობა. იმედის კამერის წინ დადგა ნაგავსაყრელზე ნაგვის დაყრის სცენა და ამის შემდეგ ხელისუფლება აჯარიმებს ნინოს. განა შერცხვათ იმ ზაქებს საკუთარი მრავალწლიანი უმოქმედობის, არამედ აქეთ აქტივისტს მოსდეს შარი,” – წერს ალეკო ელისაშვილი.
“რეგინფოს” ინფორმაციით, სიღანაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტს, ნინო გოგოლაშვილს სიუჟეტისთვის დადგმული კადრის გამო, სადაც ჩანს, რომ სტიქიურ ნაგავსაყრელზე ნარჩენებს ყრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.
ნინო გოგოლაშვილის აცხადებს, რომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობდა. მისივე თქმით, კრიტიკული დამოკიდებულების გამო, ადგილობრივი ხელისუფლება მის გაჩუმებას ცდილობს. სტიქიური ნაგავსაყრელი და ნაგვის ურნების არარსებობა ანაგაში ერთადერთი პრობლემა არ არის, რაზეც ნინო გოგოლაშვილმა ბოლო პერიოდში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“რეგინფოს” ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ ნინო გოგოლაშვილმა ხევში 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენი გადაყარა. ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ოქმი სიღნაღის რაიონულ სასამართლოშია გადაგზავნილი.