LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართლაც დიდი ბედნიერებაა, როცა უცხო ადამიანებს უყვარხარ და ყოველთვის უსაზღვრო სითბოს გამოხატავენ შენს მიმართ” – მანიკა ასათიანი „არტ-FM“-ში

29
მანიკა-ასათიანი

25 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ტელეწამყვანი და მოდელი მანიკა ასათიანი სტუმრობდა, რომელმაც საქმიან და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

– მანიკა, გაქვთ თუ არა მუსიკალური განათლება?

– ბოლო დროს ხშირად მისვამენ მსგავს შეკითხვას. მართალია, 12 წლამდე პედაგოგთან ვემზადებოდი, მაგრამ სერიოზული განათლება არასდროს მიმიღია. ყოველთვის ძალიან მიყვარდა სიმღერა, თუმცა ნამდვილად არ ვფიქრობ მუსიკალური კარიერის გაკეთებას, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. საერთოდ, არაფრის დაგეგმვა არ მომწონს, ასე იყო, პროექტის „ვინ ვინ არის“ შემთხვევაშიც, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინე, ბოლომდე დავიხარჯე და სიამოვნებაც ბოლომდე მივიღე, თუმცა მაინც ინერციით მივყვებოდი და ნაკლებად ვფიქრობდი რა იქნებოდა შემდეგ ტურში.

– როგორ რეაგირებს თქვენი მეუღლე, როცა კომპლიმენტს გეუბნებიან?

– არც ყურადღება მაკლია, არც ქათინაურები, რაც მეუღლისთვისაც ძალიან სასიამოვნოა. მგონი სხვანაირად არც შეიძლება, არ ვიცი, სიხარულის მეტს რას უნდა გრძნობდეს ადამიანი, როცა მის მეორე ნახევარს აქებენ.

– როგორ შეაფასა მეუღლემ თქვენი ნამღერი?

– ბექამ ყველაზე კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები, ამიტომ არ გაჰკვირვებია როცა პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე. მეტიც, სწორედ ის იყო ერთადერთი, ვისაც ყველაფერს  დეტალურად ვუყვებოდი და ვუზიარებდი. სიმართლე ვთქვა, ურთულესი, ძალიან შრომატევადი პროექტი იყო, რომელმაც უზარმაზარი დრო, ენერგია და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა მოითხოვა, თუმცა მაინც აზარტით ჩავები, რადგან ძალიან მინდოდა შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და საკუთარი ნიჭის რეალიზება. მეუღლისგან განსხვავებით, არაფერი იცოდა ჩემმა შვილმა – გიომ, რომლისთვისაც ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემი გამარჯვება. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ პროექტში ვმონაწილეობდი, არასდროს ვაკეთებდი აქცენტს შოუზე, რათა ვინმეს ეჭვი არ გასჩენოდა, თუმცა ჩემი სიმღერა მოვასმენინე, მაინტერესებდა რას იტყოდა და რა თქმა უნდა, ვერ მიცნო.

– ყველამ კარგად იცის, რომ ბრწყინვალე დედა ხართ, როგორია თქვენი ჩვეულებრივი დღე?

– დილა გიოსთან ერთად იწყება, სკოლაში მიმყავს, თვითონ კი, სამსახურში მივდივარ. ვცდილობ ყოველთვის ისე დავგეგმო დღე, რომ სკოლიდანაც მე გამოვიყვანო. კალათბურთს თამაშობს და ძალიან უყვარს, როცა მის ვარჯიშებს და მატჩებს ვესწრებით.

– როგორ დაახასიათებთ მეუღლეს?

– ბექა საოცრად ერთგული და კეთილი ადამიანია. ყოველთვის გულწრფელად უხარია სხვისი წარმატება, რაც მართლაც არაჩვეულებრივი თვისებაა, რადგან გასაჭირში გვერდში დგომა ყველას შეუძლია, სხვისი ბედნიერების გაზიარება კი, ყოველთვის უჭირთ ადამიანებს.

– რომელი პროექტი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად?

– ყველა პროექტი ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს უკავშირდება. თუმცა, დანარჩენების ფონზე მაინც „დილის შოუს“ გამოვყოფდი, რადგან  5 წელია  არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად ვაკეთებ. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იმ საქმის პოვნა, რომლის კეთებაც სიამოვნებს, პროფესიონალებთან ერთად მუშაობა კი – ორმაგად სასიამოვნოა.

– ტელეწამყვანი რომ არა, რა პროფესიას აირჩევდით?

– ვფიქრობ, სწორად ავირჩიე პროფესია, რადგან დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ მაინც ტელევიზიაში აღმოვჩნდებოდი, თუმცა ძალიან მიტაცებს ფსიქოლოგია და შესაძლოა ფსიქოლოგიც ვყოფილიყავი.

– როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

– ნამდვილად არ ვიცი, ალბათ, შრომა, მუდმივი განვითარება და რაც მთავარი ბუნებრიობა. მართლაც დიდი ბედნიერებაა, როცა უცხო ადამიანებს უყვარხარ და ყოველთვის უსაზღვრო სითბოს გამოხატავენ შენს მიმართ.

– დღეს თქვენ ითვლებით სილამაზის ეტალონად, თავად ვის თვლით ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად?

– დაუფიქრებლად შემიძლია ვთქვა, რომ მაკა ასათიანს, რომელიც შინაგანადაც და გარეგნულადაც ულამაზესი ქალბატონია.

– სამოდელო ბიზნესში ხომ არ გეგმავთ დაბრუნებას?

– მოდელის კარიერა ადრეულ ასაკში – 13 წლისამ დავიწყე, მალევე დავასრულე და საერთოდ ჩამოვშორდი ამ სფეროს. მართალია, ძალიან აზარტული და მაქსიმალისტი ვარ, მაგრამ არ მაინც მიყვარს კონკურსებში მონაწილეობა, სადაც შენი ბედი ვიღაცის მესიჯზე ან შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. „ვინ ვინ არის“ სწორედ იმიტომ აღმოჩნდა საინტერესო, რომ არა საკუთარი, არამედ იმ პერსონაჟის სახელით ვმონაწილეობდი, რომელიც მე უნდა შემექმნა და გამეცოცხლებინა.

– რას ურჩევთ ახალგაზრდებს, როგორ უნდა მოიპოვონ წარმატება?

– მთავარი პროფესიის სწორად არჩევა და დაუღალავი შრომაა, შეცდომის დაშვების და პროფესიის არასწორად არჩევის შემთხვევაში კი, არ უნდა იყოს ცვლილებების და ყველაფრის თავიდან დაწყების შიში, რადგან შიშით შეუძლებელია წინსვლა და განვითარება.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– განსაკუთრებული არაფერი. ძალიან დატვირთული წელი იყო, ამიტომ ახლა მხოლოდ დასვენებაზე ვფიქრობ.

– რა ფილმის ნახვას ურჩევდით მსმენელს ზაფხულის არდადეგებზე?

– ბოლო დროს სერიალები მიტაცებს. ზაფხულის სეზონზე კი, როცა ყველას ბევრი თავისუფალი დრო აქვს, ალბათ „სამშობლოს“ და „მძიმე დანაშაულის“ ნახვას ვურჩევდი.

– თავად რომელ პერსონაჟს განასახიერებდით?

– უკვე განსახიერებული პერსონაჟების გამეორება ნაკლებად მხიბლავს, თუმცა სიამოვნებით შევქმნიდი ახალ, საინტერესო პერსონაჟს.

– რომელ ქვეყანას თვლით საუკეთესოდ დასვენებისთვის?

– ყველა ქვეყანა საინტერესოა, რადგან გარემოს შეცვლისა და ახალი კულტურის გაცნობის საშუალებას იძლევა. ბოლოს დომინიკელთა რესპუბლიკაში ვიყავი, ეგზოტიკური, ძალიან ლამაზი ქვეყანაა და საოცრად პოზიტიური შთაბეჭდილებებით დავიტვირთე. მიყვარს საქართველოს კურორტებიც, ამიტომ ამ ზაფხულს აჭარაშიც ვგეგმავ სტუმრობას, რაჭაშიც, კახეთშიც და ყაზბეგშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები