იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, დღეს მართლმადიდებლები ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან. ნიშნად უფლის მოწყალებისა ზეციური ცეცხლის გადმოსვლას უფლის საფლავზე მორწმუნეები ყოველ წელს განსაკუთრებული ინტერესით ელიან. ამისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე აგებულ სამლოცველოში, კუვუკლიაში შევა და საფლავი დაიხურება.
მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები გაჩხრეკენ, მათ შორის – ებრაული პოლიციის წარმომადგენლები. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ლოცვებს აღავლენს.
„წმინდა ცეცხლს“ მომლოცველები საქართველოში შაბათს, გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ და ის სააღდგომო ლიტურგიის დროს ტაძრებში გავრცელდება.
მოციქულთა და „წმინდა მამათა“ გადმოცემის თანახმად, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ამავე წყაროების მიხედვით, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.