9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.
„9 აპრილის მემორიალთან არ მივსულვარ არც კამერებისთვის და არც სიტყვით გამოსასვლელად, მივედი, როგორც ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ გმირების ხსოვნას სიტყვები კი არა, გულწრფელობა ეკუთვნის..მიზანმიმართულად ცდილობდნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ჩემთვის“ – რას წერს კოტე ზარნაძე
9 აპრილის მემორიალთან მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე ეხმაურება.
ხმაური და დაპირისპირება ზარნაძესა და მოქალაქეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ის 9 აპრილის მემორიალთან მიახლოებასა და მემორიალის ყვავილებით შემკობას გეგმავდა.
„მარტო ვარ ამდენ ადამიანთან, ერთი წამით არ მეშინია. ესენი არიან უღმერთო ადამიანები, რომლებმაც არ მომცეს უფლება, რომ მივსულიყავი მემორიალთან.
9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას. ის ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს, რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც აქ საკუთარი თავი გადადეს. როცა მოქალაქე მოვდივარ და მინდა ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო, ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია. ისინი, პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას“,- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. მათ ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი და 9 აპრილის მემორიალი ჯაჭვით აქვს შემოსაზღვრული.
სლაიდზე გამოყენებული ფოტო: „ინტერპრესნიუსი“, „პუბლიკა“
„ესენი არიან უზრდელები!“ — კოტე ზარნაძე„ესენი არიან უზრდელები!“ — მოქალაქეებმა ივანიშვილის მთავრობის წარმომადგენელს კოტე ზარნაძე 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს
Posted by Formula • ფორმულა on სამშაბათი, 08 აპრილი, 2025