LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების სახით 224 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა – ევროკავშირის რომელი ქვეყნებიდან ირიცხებოდა თანხა საქართველოში 

133
ლარი 3

2023 წლის მარტში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 127.1 პროცენტით მოიმატა და 438.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 26.7 პროცენტით 30.4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები მარტში კვლავ მაღალი იყო და 224 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 8.3-ჯერ მეტია. მარტში რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მაღალი ტემპით, 130.8 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 5.1-პროცენტიანი წვლილი შეიტანა. ასევე, ყირგიზეთიდან 165.1 პროცენტით გაზრდილი ფულადი გზავნილებიც ზრდას მაღალი ტემპით განაგრძობს. ხოლო უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ მცირდება. მაღალი ტემპით, 40.4 პროცენტით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრებიც. მარტში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 51.0 პროცენტს რუსეთი წარმოადგენს, 24.6-პროცენტიანი წილი უკავია ევროკავშირის ქვეყნებს, ხოლო აშშ-ს – 8.2 პროცენტი. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6468-დან 2.5876-მდე, ანუ 2.2 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.8389-დან 2.7646-მდე, ანუ 2.6 პროცენტით გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.5604 და 2.7862 შეადგინა.

„მარტში გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები საშუალო დონიდან თითქმის თანაბრად იყო გადახრილი. მარტში დოლართან მიმართებით შესამჩნევია ლარის გამყარება, ასევე გამყარების ტენდენცია ჰქონდა სომხურ დრამს. ევრო და თურქული ლირა – მცირედით, ხოლო რუსული რუბლი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები გამყარებას განაგრძობს. მარტში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 17.5 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 27.7 პროცენტით გამყარდა.

რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, ამავე პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 2.3 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.2 პროცენტით გამყარდა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან მარტში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, ბელარუსსა და სომხეთში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი – აშშ-სა და რუსეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციები ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – წერია ანგარიშში.

mazda magti 5g