განახლებულ მარტვილის კანიონში სტუმრობას ვიზიტორები მიმდინარე წლის მაისიდან შეძლებენ. როგორც ,,ფორტუნას” დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, ტერიტორიის განსავითარებლად მილიონ 242 ათასი ლარი დაიხარჯება.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შენდება ადმინისტრაციისა და ვიზიტორთა ცენტრის შენობა, ეწყობა ტურისტული ბილიკი, თავისი ხიდებითა და გადასახედებით კანიონზე. სამუშაოების ფარგლებში, რესტავრაცია ჩაუტარდება ორ ისტორიულ ობიექტს – წისქვილს და დადიანების კიბეს. ასევე კეთდება ნავმისადგომი, საიდანაც ნავით იქნება შესაძლებელი კანიონის დათვალიერება.
”უახლოეს მომავალში, სააგენტო აუქციონზე გაიტანს და იჯარის წესით გასცემს ნავმისადგომს. ადგილობრივებიც ფიქრობენ აუქციონში მონაწილეობის მიღებას. უბრალოდ სააგენტო დაადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს, რათა უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს და ფასები უსაზღვროდ დიდი არ იყოს, რის შემდეგაც შეირჩევა გამარჯვებული კომპანია და მათ იჯარით გადავცემთ 5 წლის ვადით”, – განმარტავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
მარტვილის კანოინის განსავითარებლად დაცული ტერიტორიების სააგენტომ სამუშაოები 2015 წლის ბოლოს დაიწყო.
კანიონი სოფელ გაჭედილსა და ინჩხურს შორის მდებარეობს. კანიონს მდინარე აბაშა ქმნის, რომლის სიგრძე 2 400 მეტრია, ჩაჭრის სიღმე კი 20-40 მეტრია. კანიონი რამდენიმე ადგილას საფეხურებრივია და შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის მარტვილის ცნობილ ჩანჩქერს წარმოქმნის.