მარტვილში ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს, ორს კი ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 24 აპრილს, მარტვილში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა. მათ ოჯახის წევრს სხეულის დაზიანება მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ოქროს ნივთები და ფული გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული 1955 წელს დაბადებული ჟ.გ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში მარტვილში დააკავა, რაც შეეხება სხვა პირებს მათ დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ოქრო და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
