სახალხო დამცველის განცხადებით, კერძო სკოლა აიბი მთიებში ისტორიის მასწავლებელმა დამსაქმებელს ორსულობის შესახებ შეატყობინა და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ითხოვა, რამდენიმე დღეში კი აცნობეს, რომ სკოლაში აღარ გამოცხადებულიყო.
ომბუდსმენის ცნობით, მიზეზად მისი სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა მშობლების უკმაყოფილება დაუსახელეს. სახალხო დამცველის თქმით, სკოლა აცხადებს, რომ მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობები არ შეუწყვიტავთ და უფლებამოსილება მხოლოდ დროებით შეუჩერდა.
“მხარეთა პოზიციებისა და სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა იმ მომენტიდან, როდესაც განმცხადებელმა, სკოლის წარმომადგენლის მითითებისამებრ, შეწყვიტა გაკვეთილების ჩატარების მიზნით სკოლაში გამოცხადება; ხოლო, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც განმცხადებელმა საკითხის შესწავლის შესახებ განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს.
ჩნდება ეჭვი, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა დროებით შეჩერების გადაწყვეტილებად დისკრიმინაციული მოპყრობის შენიღბვასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობას ემსახურება. ამასთან, ორსულ ქალთა დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების მომეტებული რისკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საეჭვოდ მიიჩნია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროში თანხვედრა განმცხადებლის ორსულობის ფაქტთან”, -ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველი, ასევე, აღნიშნავს, რომ სკოლის დირექტორს შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართეს.