განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს – მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
განათლების კოალიციის ცნობით, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა.
საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს „ლიბერთი ბანკი“ დააჯილდოებს.
2022 წლის საუკეთესო ათეულის წევრები არიან:
კახა გალდავა – სამტრედიის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადა“ ქიმიის მასწავლებელი;
ლალი მარგიანი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ხათუნა ნოზაძე – თბილისის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლისდა დავით სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი;
ნუგზარ სადიკოვი – თბილისის N55 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
მიმოზა ღოლიჯაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის და მეცნიერებათა სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;
როლანდ შავაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
სოფიო ძიგრაშვილი – ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;
ირა ძირკვაძე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.
აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize ნაწილია.
ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.