„გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერ შეძლეს ვერც ქუჩაში საზოგადოების მობილიზება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, „ერთი და იგივე რესურსი სჭირდება არჩევნებში გამარჯვებას და ქუჩაში წარმატებას“. მისივე თქმით, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც არჩევნებზე:
„გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას ნაკლებად აქვს სახალხო მხარდაჭერა, მათ ვერ შეძლეს ვერც ქუჩაში საზოგადოების მობილიზება. ერთი და იგივე რესურსი სჭირდება არჩევნებში გამარჯვებას და ქუჩაში წარმატებას. ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს ჭერს „ქართულ ოცნებას”, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ისევე წარუმატებელი იყო ქუჩაში, როგორც იყო წარუმატებელი არჩევნებზე”, – განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, ოპოზიციის შიგნით აქვთ სერიოზული პრობლემები და „ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს“
„რეალურად, ოპოზიციის შიგნით, პარტიებს შიგნითაც კი აქვთ სერიოზული პრობლემები, სერიოზული დაპირისპირებები, წინააღმდეგობები. ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ოპოზიცია აქამდე იქნებოდა დაშლილი. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი, კოლექტიური ძალა და ამ კოლექტიურობას განაპირობებს სწორედ ერთი ხელი, რომელიც მართავს ყველა ამ პოლიტიკურ სუბიექტს. სხვა შემთხვევაში, მათ შორის, იმის გამო, რომ ეს პოლიტიკური ძალა დამარცხდა, ბუნებრივია, იქ არის სერიოზული შიდა დაპირისპირებები, თუმცა სწორედ გარე ჩარევა არ აძლევთ მათ იმის თავისუფლებას, რომ დაიშალონ, გაიშალონ და სხვანაირად სცადონ წარმატების მიღწევა მომავალში“, – განაცხადა კობახიძემ.