LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათი აზროვნება მოქცეულია რაღაც ბორკილებში, სრულიად არაქრისტიანული მიდგომაა – მამა თამაზი

488
mamatamazi

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი თამაზ ლომიძე  კინოთეატრ “ამირანთან” გამართულ აქციას ეხმაურება. მამა თამაზ ლომიძემ აქციების დასრულების შემდეგ საზოგადოებას ლაივ ვიდეოს მეშვეობით მიმართა. ვიდეომიმართვა სახელწოდებით “კინოსეანსის ჩაშლის შესახებ – გვაქვს თუ არა ამის უფლება ქრისტიანებს?” -დეკანოზი თამაზ ლომიძე განმარტავს- “მე არ მინდა, ვიღაცას ფილმი ჩავატარებინო, მე არ მინდა, ვიღაცა ქუჩაში გამოვიდეს, მე არ მინდა, ვიღაცას ასე ეცვას, ეს არის ტოტალიტარული აზროვნება ქრისტიანობაში… ტოტალიტარული აზროვნება კი უცხოა ქრისტიანობისთვის.”

“ჩვენი მორწმუნეების დიდი ნაწილი გახლართულია ერთ ლაბირინთში და ვერ გამოდის იქიდან, აზროვნების ლაბირინთს ვგულისხმობ. მათი აზროვნება მოქცეულია რაღაც ბორკილებში, სრულიად არაქრისტიანული მიდგომაა, როგორც ისინი უდგებიან საკითხს. ამით თვითონაც იტანჯებიან, ქვეყანასაც ტანჯავენ და საზოგადოებას ზიანს აყენებენ.

რა არის ეს ლაბირინთი? თქვენ ხომ იცით, ლაბირინთში მოქცეული კაცი დადის, აწყდება აქეთ-იქით, შეიძლება დაიმშეს, დაიღალოს, გაავდეს… აი, ზუსტად ასეთ მდგომარეობაში არის ეს ხალხი, რომელმაც არ იცის ის კარი. ლაბირინთში ერთი კარია, იმ კარს თუ გააღებ, გათავისუფლდები ამ აზროვნების ტყვეობიდან.

ამ ხალხში ნაწილი ექსტრემისტულად არის განწყობილი, ნაწილი ზომიერია, ნაწილი ჩვეულებრივი, პატიოსანი ხალხია, მაგრამ მე ხშირად, როგორც მღვდელს, მომმართავენ კითხვით, “მამაო, რა ვქნათ?” მე მინდა, ყველას გასაგონად განახოთ ქრისტიანის აზროვნებაში ის კარი, რომელიც ამ ლაბირინთიდან გამოგიყვანთ. თქვენც დაისვენებთ და ამ ქვეყანასაც დაასვენებთ.

რა არის ეს ლაბირინთი? აი, ჩვენ ხშირად გვესმის, რომ თავისთავად ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს სხვაგვარად მოაზროვნე ხალხი, ურწმუნო ხალხიც ცხოვრობს, ღვთის მებრძოლი ხალხიც ცხოვრობს. ისეთი ხალხიც ცხოვრობს, ვინც აბსოლუტურად მტრულადაა განწყობილი ეკლესიისა და ქრისტიანობისადმი. ეს მათი არჩევანია. ღმერთმა ყველას მისცა თავისი არჩევანი. არსებობენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადაიანები, ესეც მათი არჩევანია, თუმცაღა ეკლესია ამას არ ეთანხმება და თავის წიაღში ამას ცოდვად თვლის, მაგრამ ეს ხალხი არსებობს და ირჩევს ამ გზას და ძალით ვერავის ვერაფერს გააკეთებინებ. თვით უფალიც ზეციდან არავის არაფერს აკეთებინებს, აცლის ყველას, თვითონ აირჩიონ თავისი გზა. და, აი, ეს ხალხი, ვინც ქრისტიანული წესით არ ცხოვრობს, პრობლემას აწყდება ქრისტიანების ამ ნაწილისგან.

აი, მაგალითად, რა არის პრობლემა. ატარებენ რაღაც კონცერტს, რომელიც ქრისტიანებს არ მოსწონთ. მიუვარდებიან და უნდათ, რომ ჩაუშალონ კონცერტი, რომელიც მათ არ მოსწონთ. ან მაგალითად, ატარებენ რაღაც კინოჩვენებას, რომელიც ქრისტიანობისთვის მიუღებელია შეიძლება, მივარდებიან და უნდათ, რომ ჩაშალონ ჩვენება. უნდათ რაღაც საკუთარი აზრი გამოხატონ დემონსტრაციის ფორმით, თუ მსვლელობის ფორმით, ჩაუსაფრდებიან, გამოეკიდებიან, ვნახეთ, რომ ქვებიც კი დაუშინეს. სცემენ, აგინებენ, სრულიად არაქრისტიანული მეთოდებით. ვიღაცას რაღაც ტანსაცმელი აცვია ისეთი, რომელიც ვიღაცას მიაჩნია არაქრისტიანულად, შეურაცხყოფას აყენებს ქუჩაში და ამგვარი რაღაცები.

როგორც კი შენ იწყებ ასე აზროვნებას ქრისტიანი, შენ უკვე გაბმული ხარ იმ ლაბირინთში, საიდანაც უკვე ვეღარ გამოხვალ, თუ არ შეცვალე მიდგომა. აი, რა არის ეს? რაში ცდებით თქვენ? რაში გადაუხვიეთ თქვენ ქრისტეს გზას?

ეს, რომ მე არ მინდა, ვიღაცას კონცერტი ჩავატარებინო, მე არ მინდა, ვიღაცას ფილმი ჩავატარებინო, მე არ მინდა, ვიღაცა ქუჩაში გამოვიდეს, მე არ მინდა, ვიღაცას ასე ეცვას, ეს არის ტოტალიტარული აზროვნება ქრისტიანობაში. ეს დამღუპველია. ეს ქრისტიანობისთვის უცხოა. ეს როდესღაც ამ ქვეყნის სულმა შემოიტანა ქრისტიანობაში ეს ტოტალიტარული აზროვნება და ჩვენ ახლა უკვე ვეღარ გამოვსულვართ აქედან.

https://www.facebook.com/qartuli.munchenshi/videos/2797892180262399/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები