LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათი დატვირთვიდან გამომდინარე, ეს ხელფასი ადეკვატურია – ჯანდაცვის მინისტრი გაფიცულ სოცაგენტებზე

522
1

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების ზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ, ჯანდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ დატვირთვიდან გამომდინარე, სოციალურ აგენტებს ადეკვატური ხელფასი აქვთ.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ხელფასის გარდა, სოციალურ აგენტებს შეუძლიათ, შემოსავალი გამომუშავებით მიიღონ და ის შემოსავალიც თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10 ლარამდე გაუზარდეს:

“მათი ხელფასის განხილვა მიდიოდა რამდენიმე თვის განმავლობაში და მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და იმ სამუშაო დღიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ წინა კვირაში მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ზოგიერთ შემთხვევაში ხელფასის 60%-იანი მატებაც არის.

ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ის შემოსავალიც თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10 ლარამდე გავზარდეთ.

აქედან ჯამურად შეუძლიათ კომპენსაციის ჩათვლით თითქმის ორჯერ მეტი ხელფასი აიღონ იმასთან შედარებით, რაც არის ფიქსირებული და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დღევანდელი რეალობისთვის, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე ეს ხელფასი არის ადეკვატური”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 390-მა თანამშრომელმა, 17 იანვრიდან გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულებმა ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება 14 იანვარს შეიტანეს.

სააგენტოს თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და ღირსეული ანაზღაურებაა.

გუშინ, სოციალური მომსახურების სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. 

ამავე ინფორმაციით, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % -მდე იზრდება. ანაზღაურება 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი.

დღეს კი, სოციალური სააგენტოს გაფიცულმა თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს “ტრანსპარანტებით” – არ შევეგუებით 2007 წლის ხელფასებს 2022 წელს”.

როგორც პროფკავშირში აცხადებენ, წინასაგაფიცო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და სოციალური მომსახურების სააგენტომ და სამინისტრომ სოციალურ სააგენტოში დასაქმებულთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს.

დავით ომსარაშვილი: “სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგენლები არ უსმენდნენ ამ ადამიანებს…სოციალური აგენტების გარკვეული ნაწილი თავად გახდა სოციალურად დაუცველი”

პოპულალურები