საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, შერიგებაზე “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა ბლეფია, ვინაიდან ისინი მიწვევის მიუხედავად, პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლას არ აპირებენ.
„პრეზიდენტი პოლიტიკურ მხარეებს იწვევს, ამ დროს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო მარგალიტი „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს და ღონისძიებას არ ესწრება. ერთი თვეა, საპროტესტო აქცია აქვთ, თურმე, შერიგება უნდათ, ერთმანეთს უნდა მივუტევოთ და რა დროს დაპირისპირებაა, მაგრამ პრეზიდენტმა მიიწვიათ და არ მიდიან, რადგან თავიანთი დღის წესრიგი აქვთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათი ინციატივა შერიგებაზე და ნიანგის ცრემლები არის ბლეფი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსანანიებელი აქვს საქართველოს მოსახლეობასთან, მათთან მივიდნენ და დაელაპარაკონ. რვა არჩევნებს რომ აგებ ისე, რომ დასავლეთი ამბობს, არჩევნებზე თავისუფალი არჩევანის გაკეთება დაცული იყოო, ეს მიუთითებს, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია ეს ხალხი. ზოგი ინიციატივა ჭკვიანური აქვთ და მხარს ვუჭერთ, შესარიგებელი რა გვაქვს? თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილს ეპატიება წამება, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი და ციხიდან გამოვუშვებთ, ძალიან შემცდარა. სჯობს, ის კაცი დაასვენონ და სიცრუეში ნუ აცხოვრებენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეუძლებელია ეს შევძლო დაჭერების ფონზე – რას წერს ელენე ხოშტარია
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის დღეს საახალწლო მიღებას გამართავს. პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. ღონისძიება 19:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრებას გეგმავს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს, რომ ახალი წელი დგება – მაჭარაშვილი