LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მავნებლურია კანონპროექტი, რომელიც კერძო სკოლების მოსწავლეს გადასახადის გადაუხდელობის გამო სასწავლო წლის დასრულებას უკრძალავს: ანა დოლიძე

61
ანა დოლიძე

“მავნებლურია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც კერძო სკოლების მოსწავლეს გადასახადის გადაუხდელობის გამო, სასწავლო წლის დასრულებას უკრძალავს,“ – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, პარლამენტში უნდა იყოს ოპოზიცია, რომელიც სახალხო ინტერესზეა ორიენტირებული, რათა გააჩეროს ისეთი ინიციატივები, როგორიც კერძო სკოლების შესახებაა.

“დღეს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, მეორე მოსმენით განიხილავს, ჩემი აზრით, მავნებლურ კანონპროექტს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო, მოსწავლეს სასწავლო წლის დასრულების შესაძლებლობას წაართმევს“, – აცხადებს ანა დოლიძე.

დოლიძის აზრით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა არც მომზადებულია და შესაბამისად, არც შესაბამისი დარგის სპეციალისტებთანაა შეთანხმებული.

როგორც მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ამბობს, წარმოდგენილი ცვლილებით, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტს გააქვს, თუ მშობელი გადასახადს ვერ იხდის, კერძო სკოლას  შესაძლებლობა ექმნება, რომ სემესტრის დასრულების შემდეგ, ახალი სემესტრის დაწყებამდე,  მოსწავლეს სტატუსი შეუწყვიტოს და მისი სკოლიდან გადაყვანა მოითხოვოს. დოლიძის თქმით, ამ ცვლილების მიღება არ შეიძლება.

“გავიხსენოთ ლუკა სირაძის საქმე, როგორი ტრავმა მოახდინა ამ არაჩვეულებრივ ბავშვზე სკოლიდან გადასვლის საკითხმა. გავიხსენოთ ბავშვობა, რამდენად მტკივნეულია შუა სასწავლო წელს სკოლაში მისვლა, როდესაც არავის იცნობ და ეს იმიტომ, რომ შენმა მშობლებმა სწავლის გადასახადი ვერ გადაიხადეს.

ეს ცვლილება არის მავნებლური და არ არის გავლილი შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, მოზარდების ფსიქოლოგებთან და ზოგადად ფსიქოლოგებთან. მოსწავლეს უნდა მიეცეს სასწავლო წლის დასრულების უფლება,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში სკოლას შეუძლია მიმართოს ჩვეულებრივ სამოქალაქო სამართლებრივ მეთოდებს, დაასრულებინოს მოსწავლეს სასწავლო წელი და ამის შემდეგ, თუ მშობელი  სწავლის საფასურს ვერ გადაიხდის, უჩივლოს სასამართლოში და  ფასის დაფარვა სამართლებრივი მექანიზმებით მოითხოვოს.

“ჩემი აზრით, ამ ცვლილების მიღება, რომელიც მეორე მოსმენით პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე გადის არ უნდა იყოს განხილული და შესაბამისად მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას“, – აღნიშნა დოლიძემ.

არაერთი სასამართლო დავის საგანია კერძო სკოლებში მოსწავლის გადასახადი, პრობლემა ჩიხშია შესული – რას შეცვლის ახალი კანონი?

 

magti 5g