6 აპრილს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” პიანისტი გიორგი გიგაშვილი და მუსიკათმცოდნე მარიამ ყარალაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც 8 აპრილს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს.
– მარიამ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, წელს ისევ გაიმართება ფესტივალი. საინტერესოა ამ სეზონზე რას შემოგვთავაზებთ?
– გეთანხმებით, მართლაც დიდი დრო აღმოჩნდა ერთი წელი. მუსიკოსებთან ერთად პუბლიკასაც ძალიან მოენატრა მსგავსი კონცერტები, ამიტომ 8 აპრილს, საღამოს 6 საათზე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ისევ ვუმასპინძლებთ ჩვენს კონცერტზე. სამწუხაროდ, მაესტრო მირიან ხუხუნეიშვილი ისლანდიაშია, თუმცა ორკესტრს ყველასთვის საყვარელი მაესტრო გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს, რითაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს გაახარებს, სოლისტის კი, გიორგი გიგაშვილი იქნება.
– გიორგი, სულ ცოტა ხნის წინ მარტა არგერიხი სტიპენდიანტი გახდი, მომავალ წელს კი, საზღვარგარეთ გაემგზავრები. რამდენადაც მახსოვს, ქალბატონი მარტა წინანდლის ფესტივალზე გაიცანი,
– გეთანხმებით, ერთ-ერთი კონცერტის მერე “ავთერფართი” მოეწყო, რომელზეც სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წავრსდექი პუბლიკის წინაშე და ბექა გოჩიაშვილის აკომპანემენტით შევასრულე გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები”. მაყურებლებს შორის სრულიად შემთხვევით დავინახე ქალბატონი მარტა თავისი უცნაური ვარცხნილობით, ნამდვილ შოკში ვიყავი, მოგვიანებით კი, გავიგე, რომ თურმე ჩემი სიმღერით აღფრთოვანებულა. სინამდვილეში, მარტა მანამდე გავიცანი, 2019 წელს ესპანეთში პიანისტთა კონკურსზე, სადაც სწორედ მისგან მივიღე პირველი პრემია. აქვე მინდა აღვნიშნო თბილისის “პიანოფესტი”, რომელიც პანდემიის პერიოდში, უკვე ჩაკეტილ საქართველოში მოეწყო, თუმცა, უამრავი უცხოელი მუსიკოსს უმასპინძლა. მე მხოლოდ დასკვნით კონცერტში მივიღე მონაწილეობა, თუმცა უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე და საოცარი შთაბეჭდილებები შევიძინე.

– რას ნიშნავს მუსიკა შენთვის?
– ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მუსიკა მთელი ჩემი ცხოვრებაა, ალბათ უფრო ყოველდღიური რეალობიდან გაქცევის საუკეთესო საშუალებაა.
– რამდენ ინსტრუმენტზე უკრავ?
– პროფესიონალურად ერთზე, თუმცა როგორც მოყვარულს რამდენიმე სხვა ინსტრუმენტზეც შემიძლია დაკვრა.
– მარიამ, კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას დიდი ხნის მონატრებულ კონცერტში?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ შეზღუდვების მიუხედავად, დეკემბრის თვეში ონლაინ-რეჟიმში ჩავატარეთ ბეთჰოვენის 250 წლისადმი მიძღვნილი რამდენიმე კონცერტი სანდრო გეგეჭკორის და სანდრო ნებიერიძის მონაწილეობით. აუცილებლად მინდა გავუსვა ხაზი, რომ თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, სწორედ ის კოლექტივია, რომელიც დაარსების დღიდანვე ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდა შემსრულებლებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში. მოგეხსენებათ, რომ ახალბედა მუსიკოსებისთვის საკმაოდ რთულია პროფესიონალ ორკესტრებთან თანამშრომლობა, ჩვენი ორკესტრი კი, სწორედ ამ შესაძლებლობას სთავაზობს ახალგაზრდებს. რაც შეეხება 8 აპრილის კონცერტის პროგრამას – გიორგი ბეთჰოვენის მეხუთე საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს, ორკესტრი მაესტრო გოგი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით კი, მოცარტის 39-ე სიმფონიით წარსდგება პუბლიკის წინაშე.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– მორიგ კონცერტს 22 აპრილს ვგეგმავთ, რომელიც ისევ ეროვნულ სასახლეში გაიმართება, თუმცა ამჯერად საღამოს მასპინძლები ლევან ჯაგაევი და ელისო პაპუაძე იქნებიან. ამასთანავე, ბიგ-ბენდისა და ახალგაზრდული ორკესტრის ერთობლივი კონცერტის მოწყობა გვინდა, თუ რა თქმა უნდა, ისევ პანდემია არ შეგვიშლის ხელს, რადგან შარშან რამდენიმე პროექტის გადადება მოგვიწია.
– გიორგი, რას გრძნობ სცენაზე გასვლის წინ?
– ძალიან ვნერვიულობ და როგორც ჩანს, ყოველთვის ასე იქნება, რადგან აღიარებული პიანისტებიც ხშირად ვერ ერევიან ემოციებს. თუმცა, სცენაზე გასულს ყველაფერი მავიწყდება.
– როგორც ვიცი, ახალ პროექტზე მუშაობ, კონკრეტულად რას შესთავაზებ მელომანებს?
– ვფიქრობ, ისეთივე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, როგორიც 2003 წელს გია ყანჩელმა, ნიკოლოზ რაჭველმა და ნატო მეტონიძემ წარმოადგინეს, რადგან ჩვენი პროექტი ინოლა გურგულიას შემოქმედებას მიეძღვნება. აღსანიშნავია, რომ ალბომის ჩაწერაში, რომლის აუდიოჩანაწერთან ერთად, ვიდეოვერსიაც გამოვა, მხოლოდ ახალგაზრდები ვმონაწილეობთ ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ბახვა ბრეგვაძის მხარდაჭერით. სავარაუდოდ, ალბომი რამდენიმე თვეში გამოვა, რადგან უკვე ყველა სიმღერა ჩაიწერა და ახლა მხოლოდ ტექნიკური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი. შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ახალ პროექტში მხოლოდ ვმღერი.
– რას ნატრობ ყველაზე მეტად?
– ალბათ, მარტა არგერიხთან ერთად დაკვრას.
გადაცემის აუდიოჩანაწერი



