სოციალურ ქსელში, ალბათ, შეამჩნევდით ბოლო დროს მომრავლებულ გვერდებს, რომლებიც სხვადასხვა სამკურნალო მცენარეზე ბაზირებულ საშუალებებს გვთავაზობენ ჯანმრთელობისა, თუ სილამაზისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ნატურალური პროდუქტებისათვის უპირატესობის მინიჭება ტრენდული გახდა, არაა გასაკვირი, რომ ასეთ გვერდებს გამომწერები არ აკლია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება და პროდუქტი მომხმარებლების ხელში აღმოჩნდება, ის ან უბრალოდ უხარსხო, ან უარეს შემთხვევაში გარკვეული ზიანის მომტანი აღმოჩნდება, მათ შორის ჯიბისთვისაც. საზოგადოების იმაში კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად, რომ ინფორმაციის გადამოწმება მხოლოდ პროფესიონალებთან ღირს, „ბიზნესნიუსმა“ მცენარეებთან დიდი ხნის წინ დამეგობრებულ ადამიანს უმასპინძლა, რომელსაც თუკი რამ განსაკუთრებულად გამოარჩევს ფლორის სამყაროში სხვა მოკირკიტეებისგან, დიდი სიფრთხილე და მაქსიმალური სიზუსტეა.
ინგა აბიგლუკოზა, ჰერბალისტი, მდგრადი მიწათმოქმედების სპეციალისტი:
– თუ ნატუროპათიაზე ვისაუბრებთ, როგორც ბიზნესზე, უპირველესად, უნდა წავიკითხოთ პროდუქციის შემადგენლობა, მაგრამ იმავდროულად საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა – როდის გახდა ამა თუ პროდუქტზე ჩვენი აზრი ნამდვილად ჩვენი, ანუ აზრი, რომელიც მაქვს ჩემია, ექიმის, თუ მარკეტინგული ხრიკებით მომახვიეს თავს. სამწუხაროდ, მომხმარებელი არ ფიქრობს იმ ინფორმაციაზე, რომელსაც აწვდიან, ანუ „ინტერნეტში ვნახე“, „ჩემმა ნათესავმა ამით კიდეც 15 წელი იცოცხლა“, „ერთმა ქალმა ბაზარში მითხრა და ამიტომ დავლიე“ – ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ან, სიტყვაზე, „სელის თესლი მშველის დილაობით იმიტომ, რომ ფაფას ვჭამ“ და როცა ეკითხები, სელს როცა არ ჭამდი, ფაფას ჭამდი? გპასუხობს, არაო და იქნებ ფაფა გშველის და არა სელი? ანუ ყოველთვის უნდა დავეკითხოთ სპეციალისტს – ექიმს, მინიმუმ, ბიოლოგს.
– ეს, როცა ყოფით ცხოვრებაში ვაპირებთ ამა თუ იმ მცენარის რაიმე დანიშნულებით გამოყენებას, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესად ქცეულ საქმიანობაზე და გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ რადგან მცენარეა უსაფრთხოა, როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, რომ უვნებელ პროდუქციასთან აქვს საქმე და მის ჯანმრთელობას, თუ გარეგნობას ზიანი არ მიადგება?
– დავიწყოთ იმით, რომ ბაზარზე არჩევანი არის უზარმაზარი, მაგრამ მცენარეული ნედლეული, რომელსაც მწარმოებლები იყენებენ, შემოსულია ყუთებით რუსეთიდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან და ა.შ. რაც შეეხება მწარმოებლის კეთილსინდისიერებას, არავის რომ არ ვაწყენინოთ, მარტივად ვთქვათ, რომ ის, ვინც გთავაზობთ მცენარეულ საშუალებებს, აუცილებლად დიდი ასოებით წერს უკუჩვენებას. მეორე – ყოველთვის ადვილად შესამჩნევია, ტექსტი ნათარგმნია თუ არა. მესამე – აუცილებელია სერტიფიკატის ფლობა. მესმის, რომ კალენდულას ყველა ვერ მოიყვანს და ამიტომაც ნახევარი ეგვიპტიდან იწერს, მაგრამ სერტიფიკატი ყველას უნდა ჰქონდეს. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ქუდი მექუდემ უნდა შეკეროს. უამრავჯერ მითქვამს, ექიმბაში არ ვარ, იმიტომ არა, რომ არ შემიძლია გავცე პასუხი, ვთქვათ, ღვიძლთან დაკავშირებულ კითხვას, არამედ იმიტომ, რომ ექიმის კომპეტენციაში არ უნდა შევიდე. თუ რამეს ვჭამთ, ვსვამთ ჯანმრთელობისთვის, უნდა დავეკითხოთ ექიმს, მეც ასე ვიქცევი ჩემი ცოდნის მიუხედავად. ბიზნესი ზუსტად არის ეს, თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება და მივისწრაფვით ევროპისკენ, უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ მცირე ბიზნესი დარჩეს მცირე ბიზნესად, ანუ ამ საქმის კეთებით მე, ერთია, რომ ვიღებ სიამოვნებას, მეორე – ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია და მესამე – ვიზრდები მუდმივად. ნატუროპათიაში ასეა, რომ ის, რაც დღეს არის ძალიან ჯანმრთელი, ხვალ აუცილებლად იქნება მავნებელი. საჭიროა ინფორმაციის სწორად გაცემაც და სწორად წაკითხვაც. მომხმარებელს რაც შეეხება, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ – საჭიროა მწარმოებელთან უკუკავშირი, ხშირი კომუნიკაცია ერთმანეთთან, მაშინ ეს ყველაფერი დალაგდება თავისით. იქ, სადაც კანონი ნახევრად კანონობს, ამას, როგორც წესი, არეგულირებს ხალხი.
– ის, რომ მცენარეული ნედლეული შემოდის უცხოეთიდან ისეთი მრავალფეროვანი ფლორის მქონე ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, ესეც ინფორმაციის ნაკლებობითაა განპირობებული, თუ არის მცენარეების გამოყენებასთან დაკავშირებული ისეთი ნიუანსებიც, რომლებშიც ცალკეული ადამიანების, თუ ადამიანთა ჯგუფების პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო მეტად იკვეთება?
– რა თქმა უნდა, ადამიანებისაც, სტრუქტურებისაც და მთლიანად კანონის. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს კანონმდებლობა სამკურნალო მცენარეული მასალის და სამკურნალო მცენარეების შესახებ. ის არა მარტო სასურსათო უსაფრთხოებას განაპირობებს, არამედ აძლევს ფერმერს შესაძლებლობას, კარგად აკეთოს საკუთარი საქმე, იმიტომ, რომ როცა სამკურნალო მცენარეები მოგყავს, შენ არა მარტო სამკურნალო მცენარეები მოგყავს, ეს არის მეორადი პროდუქტი, რომელიც ნიადაგის გაჯანსაღებაში გიწყობს ხელს, ანუ დღეს მოიყვანე ხორბალი, ხვალ მოიყვან კალენდულას და ამით, ფაქტობრივად, სამი საქმე ერთად გააკეთე. მაგრამ შემდეგ გაყიდვა არის რთული, რადგან, ყველაფერს რომ თავი დაანებო, საჭიროა სერტიფიკაცია და ნორმალური ფასი, რასაც სწორედ კანონი აკონტროლებს. გასაგებია, რომ უნიკალურია ქართული ბუნება, მაგრამ აი, მაგალითად, აჭარაში მთელი ზაფხული ნეგოს კრეფდნენ და აბარებდნენ 3 ლარად. ეს არის კატასტროფა. შეიძლება ვენდობოდეთ იმას, ვინც კრეფს, სადაც კრეფს, როგორც კრეფს, მაგრამ ასე არ შეიძლება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – უკვე დროა, რომ სამკურნალო მცენარეები მოვიყვანოთ, ანუ დავთესოთ, კულტივაცია მოვახდინოთ და ასე ავიღოთ მოსავალი, ნაცვლად ველურ პირობებში კრეფისა. ეს უსაფრთხოც არის გარკვეულწილად. მაგალითად, ჭინჭარი დიდი რაოდენობით მოჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საფრანგეთში, კანადაში, მას გარემოში არავინ აღარ კრეფს.
– „ეთნობოტანიკაზეც“ ვისაუბროთ. პროდუქცია, რომელსაც ამ გვერდიდან სთავაზობთ მომხმარებელს, სიახლე ნამდვილად არაა თქვენგან, უბრალოდ, ის ცოტა ხნის წინ უფრო ლამაზად შეფუთული შესთავაზეთ გამომწერებსა და სანაცნობოს.
– დავიწყოთ იქიდან, რომ ეს საქმე 10 წლის წინ დავიწყე დიდი კრედიტით, უბრალოდ, მაშინ მომხმარებელი არ იყო მზად ამისთვის და იყო კიდევ სხვა პრობლემებიც, მაგრამ ზოგადად უნდა აღვნიშნო, რომ მიყვარს ყველაფრის ლამაზად კეთება. მე თავად ვარ პრეტენზიული მომხმარებელი, ამიტომ, როცა რამეს ვაკეთებ, მის მუშტრად ჯერ საკუთარ თავს წარმოვიდგენ. რატომ ახლა? იმიტომ, რომ ძალიან რთული პერიოდი გვაქვს ქვეყანაში და მინდა პატარა იმედი, სილამაზე და ინსპირაცია შემოვიტანო საზოგადოებაში, სხვასაც მივცე ბიძგი. და მესამეც, ძალიან მომენატრა ჩემი საქმე და იქიდან გამომდინარე, რომ ვარ დროებით უმუშევარი, გადავწყვიტე მივხედო მას ახალი ემოციით.
– არის რამე ისეთი ამ საქმეში, მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით, რასაც გამოწვევა შეიძლება ვუწოდოთ?
– ბევრ რამაა, მაგრამ ყველაზე მძიმე არის ის, რომ მესინჯერსა, თუ ტელეფონზე მომდის შეტყობინებები, რომ ნაცნობობით ვურჩიო ესა თუ ის მცენარე ამა თუ იმ დაავადებისთვის. ამ ადამიანებს ვპასუხობ, რომ ასეთი შეტყობინებების გზავნა საკუთარი თავის უპატივცემულობაცაა და ჩემი საქმიანობისაც. როგორ შეიძლება, შენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვიღაცამ ინტერნეტით მოგცეს რჩევა და დაუჯერო. მაგრამ ეს აგდებული დამოკიდებულება მომდინარეობს იქიდან, რომ მცენარეებთან გაქვს საქმე და ვალდებული ხარ დაეხმარო, თითქოს, ტყეში რომ დადიხარ, ფერია ხარ. სულ იმას გავიძახი, რომ ექიმბაში არ ვარ. აბიგლუკოზა კი მქვია, მაგრამ ცოტა სხვა კონტექსტია ამ სახელში.