„ეგზიტპოლების და რაღაც ანეკდოტების, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა,“ – ასე აფასებს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ეგზიტპოლებს.
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცესკო-ს შედეგების გამოქვეყნებას ელოდება. როგორც ალეკო ელისაშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა, დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი „ამაზრზენად“ მიმდინარეობდა.
„რაც შეეხება ეგზიტპოლებს, მახსოვს, რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-ზე გადაცემაზე ვიყავი და იქ ელენე ხოშტარიამ 36% აიღო ინტერაქტივში, მე 2%. ახლა ეგზიტპოლები კიდე ახალ სურათს ხატავს. ეგზიტპოლები არის ეგზიტპოლები. ეგზიტპოლები ტრადიციულად, ჩვენთან ძალიან აცდენილია ხოლმე რეალობას,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
“ხმის დათვლის პროცესის დროს, მეც და ჩემი დამკვირვებლებიც ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ თითოეული ხმა დავიცვათ. პრემიერიმინისტრისგან და სხვა მჩატე პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ოფიციალურ შედეგებს ველოდები”,-განაცხადა ელისაშვილმა.
ეგზიტპოლების მიხედვით, ალეკო ელისაშვილს თბილისის ამომრჩეველთა 14-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.