მცირე ბიუჯეტით და დიდი გეგმებით დაწყებული საოჯახო ბიზნესი – პანდემიის პერიოდში, ბაზარზე სტარტაპი „ჰა მაკი“ გამოჩნდა. მისი დამფუძნებლები მეუღლეები – მარი და გიორგი ჟორჟოლიანები არიან, რომლებსაც ორიგინალური ბიზნესიდეა სწორედ კოვიდ სიტუაციაშია, სახლში გამოკეტილებს გაუჩნდათ და ეს იდეა, რელობად აქციეს.
„ჰა მაკის“ საქმიანობის შესახებ „ფორტუნას“ მარი ჟორჟოლიანი ესაუბრა. „თავდაპირველად, ჰამაკისთვის ხის სადგამებს ვამზადებდით. მოგვიანებით, ფერადი ჰამაკების შექმნაც დავიწყეთ. თანდათან უფრო და უფრო გავამრავალფეროვნეთ საკუთარი იდეა და ამჟამად, თითქმის ყველა სახის ნივთს ვქმნით ეზოებისთვის, აგარაკებისთვის, სახლებისთვის“,- ამბობს მარი ჟორჟოლიანი.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, „ჰა მაკის“ ბრენდის ქვეშ 10-ზე მეტი დასახელების პროდუქტი იწარმოება, ესენია: ჰამაკის სადგამები, ჰამაკები, საქანელა, მაგიდები, სკამები, თაროები, საბავშვო ავეჯი, ბავშვის სახლი და სხვა.. პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად გამოყენებულია ხე და რკინა.
რაც შეეხება თავად სახელოსნოს, სადაც „ჰა მაკის“ პროდუქცია იწარმოება, ეს სახელოსნოც მეუღლეებმა საკუთარი ხელებით ააშენეს, თავიანთ ეზოში.
„დღეისათვის, ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილზე – ჩვენივე სახელოსნოში, ან სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიტანის სერვისით. ბაზარზე, კონკურენტები გვყავს, მაგრამ ხარისხით და ვიზუალით, მათ სერიოზულ კონკურენციას ვუწევთ. ამასთან, ჩვენი ფასები მორგებულია ყველა სეგმენტზე“, – აღნიშნავს „ჰა მაკის“ დამფუძნებელი.
როგორც მარი ჟორჟოლიანი გვიყვება, ბაზარზე 2020 წლის ზაფხულში გამოჩენილი კომპანია საზოგადოებამ უკვე კარგად გაიცნო და დაინტერესებაც საკმაოდ დიდია როგორც ფიზიკური პირებისგან, ასევე კომპანიებისგან.
„ჰა მაკის“ დამფუძნებლები მიღწეულ შედეგზე გაჩერებას არ აპირებენ და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვთ. მათ სურთ, უფრო მეტ ადამიანს გააცნონ „ჰა მაკის“ პროდუქცია, გაზარდონ წარმოება და ამ სეგმენტში ლიდერები გახდნენ.