LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ზღვაზე დასვენება – ნივთები და წამლები, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ

1491
2-babies-on-beach

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ჩნდება კითხვა, სად დავისვენოთ? იმ შემთხვევაში თუ დასასვენებლად მეგობრებთან ერთად მიდიხართ, გადაწყვეტილების მიღება მარტივია, თუმცა, როდესაც საქმე მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასვენებას ეხება, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება უფრო რთულდება და საბოლოო ჯამში ბავშვების სასარგებლოდ კეთდება არჩევანი.

პატარებისთვის მთაში დასვენება აუცილებელი და სასარგებლოა. აქ ჰაერი ყოველთვის სუფთაა. მთაში მზის სხივები მაქსიმალურად ანეიტრალებს მავნე მიკროორგანიზმებს, რაც არა მარტო მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

რაც შეეხება ზღვაზე დასვენებას – ზღვის წყალი მდიდარია სამკურნალო მაკრო და მიკროელემენტებით: იოდით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, გოგირდით და ა.შ. ამდენად, ზღვაში ბანაობა ორგანიზმის გაძლიერებას და გაკაჟებას უწყობს ხელს.


არსებობს მოსაზრება, რომ მცირეწლოვანი ბავშვის ზღვაზე წაყვანა მიზანშეწონილი არ არის. პატარა ბავშვთან ერთად ზღვაზე დასვენება რთულია, მაგრამ თუ მშობელი გარკვეულ წესებს დაიცავს საზღვაო დასვენება მშობლისთვისაც და შვილისთვისაც სასარგებლო იქნება.

“ფორტუნა” გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც იმ შემთხვევაში მოგიწევთ, თუ პატარა ბავშვთან ერთად ზღვაზე დასასვენებლად მიდიხართ.

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი 2 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვაზე დასვენებას რეკომენდაციას არ უწევს. თუმცა თუ მშობელი ზღვაზე ბავშვთან ერთად დასვენებას გადაწყვეტს, აუცილებელია მცირეწლოვანი სანაპიროზე 11:00 საათამდე გაიყვანოს.

“როდესაც ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ ადამიანები, ზაფხულის გატარება ზღვაზე უწევთ და ადრეული ასაკიდან ბავშვებიც გაყავთ ზღვაზე. ზღვას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი ძალიან ბევრი თვისება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები დილით ადრე გავიყვანოთ ზღვის სანაპიროზე და ასუნთქოთ ის ჰაერი, რომელიც ზღვას მოაქვს და იოდით არის გაჯერებული,“- აცხადებს პედიატრი “ფორტუნასთან” საუბრისას.

მისივე განცხადებით, როდესაც ბავშვს დილით მზეზე გავიყვანთ, 15 ან 20 წუთის განმავლობაში დამცავი კრემის და ქუდის გარეშე უნდა ვამყოფოთ მზეზე.

„2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მზეზე ყოფნა 15 ან 20 წუთის განმავლობაში საკმარისია, რათა D ვიტამინი გამოიმუშაოს. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ბავშვს აუცილებლად უნდა ესვას მზისგან დამცავი კრემი, რომელიც უნდა იყოს მაღალი ხარისხის, SPF აუცილებლად 50% უნდა იყოს. რაც შეეხება საღამოს პერიოდს, 5-დან 6 საათამდე პერიოდშია სასურველი ზღვაზე გაყვანა. დამცავი კრემის გარეშე 15 ან 20 წუთი, რათა D ვიტამინი გამომუშავდეს და შემდეგ უკვე აუცილებელია დამცავი კრემის წასმა,“ – აცხადებს ინგა მამუჩიშვილი.

პედიატრის განცხადებით, დამცავი კრემის შეძენისას დიდი ყუარდღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ მაღალი ხარისხის კრემი შევიძინოთ. იაფფასიანი დამცავი კრემების გამოყენებას აზრი არ აქვს. ამას ჯობია მშობელმა თვითონ დაიცვას ბავშვი მზის ზემოქმედებისაგან.

„ბავშვის ერთ ადგილზე გაჩერება რთულია, ამიტომ ჯობია გამოვიყენოთ მაღალი ხარისხის დამცავი საშუალებები, რომლებიც არანაირ მავნე ზემოქმედებას არ ახდენენ ბავშვის კანზე,“ – აცხადებს პედიატრი.

იმისთვის, რომ ზღვაზე ყოფნის პერიოდში ნაწლავური ინფექციები და კვებითი ინტოქსიკაცია არ განვითარდეს, აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა.

„ზღვაზე როგორც იცით ჩამოატარებენ ხოლმე ე.წ. პროდუქტებს. ბავშვები რაც არ უნდა დანაყრებულები გავიდნენ სანაპიროზე, ყოველთვის ითხოვენ თუნდაც მოხარშულ სიმინდს, სხადასხვა ტკბილეულობას, კრემიან ნამცხვრებს. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინოთ, თუნდაც გავარიდოთ იმ ადგილს ან ავუხსნათ, რომ ეს პროდუქტები სასურველი არ არის,“ – აცხადებს მამუჩიშვილი.

იმისთვის, რომ მშობელმა ბავშვს უცბად აღმოუჩინოს დახმარება, დედას ჩანთაში ყოველთვის უნდა ჰქონდეს: ანტიალერგიული პრეპატარები, თუნდაც ჰორმონალური პრეპარატები, რადგან არავინ არ ვართ დაზღვეული მწერების კბენისგან და მოულოდნელად განვითარებული დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციებისგან.

მშობელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ანტისეპტიკური ხსნარები, მაგ. იოდი, ბეტადინი, წყალბადის ზეჟანგი, ბამბა, ბინტი, დამწვრობის საწინააღმდეგო ქაფი ან მალამო.

თუ მშობელმა შენიშნა, რომ ბავშვის კანი მზეზე ყოფნის შემდეგ ჰიპერემიულია, ბავშვი აღნიშნავს მტკივნეულობას და კანი ძალიან გადახურებულია, ასეთ შემთხვევაში დამწვრობის საწინააღმდეგო ქაფის ან მალამოს საშუალებით მშობელმა უნდა დაამუშაოს კანის ზედაპირი, ხოლო თუ ბავშვს კანზე ბუშტები გაუჩნდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში უნდა წავიყვანოთ.

პედიატრი სანაპიროზე ყოფნის შემდეგ, ზღვის წყლის აუცილებელ ჩამობანაზეც საუბრობს.

„აუცილებელია ბავშვებისთვის მარილიანი წყლის ჩამობანა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გოგონების ჰიგიენური ნორმების დაცვას, რადგან გოგონებში შეიძლება მოხდეს აღმავალი გზით ინფექციების განვითარება. არსებობს წყალგაუმტარი სპეციალური საცვლები, რომლებიც უნდა ჩავაცვათ პატარა გოგონებს წყალში შესვლის წინ და ზღვაში შესვლის შემდეგ აუცილებლად ჩამოვბანოთ ზღვის წყალი,“- აცხადებს პედიატრი.

მამუჩიშვილის განცხადებით 15-20 წუთის შემდეგ, რომელსაც ბავშვი მზეზე გაატარებს, აუცილებელია თავზე ქუდი დავაფაროთ. თუ ბავშვი სათვალეს იჩერებს კარგი იქნება თუ მას ყვითელმინიან სათვალეს ვუყიდით, რადგან ის ფილტრავს ულტრაიისფერ სხივებს და უფრთხილდება თვალის ბადურას.

„იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ვერ ხმარობს სათვალეს, უნდა შევეცადოთ, რომ მზის სხივები პირდაპირ არ ხვდებოდეს ბავშვს თვალებზე“, – განაცხადა პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g