ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს ხვალიდან დაიწყებენ.
როგორც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლებს ინიციატივა არ გამოუჩენიათ და რომელიმე კანდიდატზე კონკრეტულად არ დაუწყიათ საუბარი, არც მმართველი გუნდი დაიწყებს საუბარს და ჯერ სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუსმენენ:
„კონსულტაციებს ხვალიდანვე დავიწყებთ, რამდენი ხანი, რამდენი დღეც დაგვჭირდება. ჯერ მათ ინიციატივა არ გამოუჩენიათ, რომელიმე კანდიდატზე საუბარი არ დაუწყიათ. ჩვენც კონკრეტულ კანდიდატებზე არ ვისაუბრებთ, ჯერ მათ მოვუსმენთ – ვისზე უშვებენ შანსს, რომ მხარი დაუჭირონ, ჩვენ არც ერთი კანდიდატის მიმართ სიმპატიასაც არ გამოვხატავთ.
დავიწყებთ ფიქრს და მსჯელობას მათთან ერთად. ჩვენ არ დავაყენეთ კანდიდატურა და ახლაც შევეცდებით, რომ მათგან წამოვიდეს ინიციატივა. ჩვენ რომ დღეს ვინმეს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, დარწმუნებული ვარ, იმის გამო, რომ ჩვენ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, მხარს არ დაუჭერენ, ამიტომ საკუთარი პოზიცია თავად დააფიქსირონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღევანდელ ბრიფინგზე მდინარაძე პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა.
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „მათ ქვეყნის და „ქართული ოცნების“ დანგრევა უნდოდათ და საკუთარ გუნდს ანგრევენ“.
„ეს არის მათი ქმედებების მარტივი შეფასება. მგონია, რომ ცოტა ზედმეტ რეკლამას და პიარსაც ვუკეთებთ მათ, თვითონ როგორც ფუთავენ, პარტიის გადახალისება.
გადახალისება კი არ არის, ერთმანეთის დაჭმა მიდის, ვინ დახარჯავს მათი ოლიგარქების ფულს, ვინ მოექცევა სააკაშვილის ყურადღების ქვეშ, ვინ უკეთესად მოახდენს ქვეყანაში რადიკალიზაციას, პოლარიზაციას, ვინ უკეთესად დააზიანებს ქვეყანას, ერთმანეთს ამაში ეჯიბრებიან.
ძირითადად გავლენებზეა საუბარი და იმაზე, ვინ დახარჯავს თავის დროზე მათ მიერ ქვეყნის ძარცვით ნაშოვნ ფულს და ვინ იქნება ამ ფულის აღმასრულებელი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა თანხებზე მაქვს საუბარი, ვინ იქნება პასუხისმგებელი ნაძარცვი ფულის განკარგვაზე. ამაზეა მანდ საუბარი. არ გამოუვიდათ ქვეყნის დანგრევა და საკუთარი გუნდი დაანგრიეს და ახლა საინტერესო პროცესები მიდის გარედან“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.