საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვერ დაადასტურებს, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს ვინმეს გარიცხვას სთხოვდა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი იმ პერიოდში პარტიის საქმიანობაში არ იყო ჩართული და მხოლოდ რჩევით შემოიფარგლებოდა.
„ბიძინა ივანიშვილი 2016 წელს პარტიის საქმიანობაში აქტიურად ჩართული არ იყო, ამიტომ იმის გაცხადება მოხდა, რომ ის მაშინ შემოიფარგლა მხოლოდ რჩევით. ვერ დავადასტურებ, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს ვინმეს გარიცხვას სთხოვდა. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. არ მგონია, სწორი ინფორმაცია იყოს. წარმოუდგენელია, რადგან ამის შესახებ არც საუბარი ყოფილა და არც შევსწრებივარ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ქართული ოცნების წამოსული დეპუტატის, გედევან ფოფხაძის თქმით, არსებობს ოცნებიდან გასარიცხი დეპუტატების ე.წ. შავი სია, რომელიცპარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეიმუშავა და პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა. ფოფხაძის მტკიცებით, კობახიძის მიერ დასახელებულ ექვს დეპუტატს შორის იყვნენ: ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი, ლევან კობერიძე, რომან კაკულია, დავით ჭიჭინაძე და თავად, გედევან ფოფხაძე.
დეპუტატი განამრტავს, რომ 6-კაციანი სიის შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს მიიღო, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამდე გასული წლის აპრილში შედგა.
ფოფხაძის თქმით, ირაკლი კობახიძე ავტორიტარული მართვის დამკვიდრებას ცდილობდა და გუნდში იმ ადამიანების ყოფნა არ აწყობდა, ვინც ცუდ ფონს ქმნიდა.