მდინარეების კალაპოტში არსებული რესურსის განკარგვის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მომზადდა.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფას გააუმჯობესებს.
პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, დარეგულირდება მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი რესურსის განკარგვა, რომლის ათვისებაც ბოლო ათწლეულებია ქაოტურად მიმდინარეობს და მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ზიანთან ერთად უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოაქვს.
“ფუჭდება და იკარგება რესურსი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მოსახლეობის მიერ; ხდება მდინარეების კალაპოტების ჩახერგვა და დაბინძურება; ასეთი კატეგორიის რესურსის ტრანსპორტირებისთვის ჯარიმდება მოსახლეობა რადგან არ არსებობს რეგულირების მექანიზმი; აღრიცხვიანობის არარსებობის პირობებში მაღალია ბრაკონიერობის რისკები,”- განაცხადა აგულაშვილმა.
მისი თქმით, ინიცირებული ცვლილებება არ ითვალისწინებს მდინარეების კალაპოტში არსებული მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ მოპოვების აკრძალვას. მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი მერქნული რესურსის განსაზღვრული კატეგორია – 12 სმ-მდე დიამეტრის მქონე ხე-ტყე მოსახლეობის მიერ მოიპოვება უნებართვოდ, უსასყიდლოდ და შეუზღუდავად; 12 სმ და ზევით დიამეტრის მქონე რესურსის მოპოვება შესაძლებელი იქნება ტყის მართვის ორგანოში შეტყობინების დატოვების საფუძველზე, სააგენტოს მიერ რესურსის დაფირნიშების და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ.
“არ მოხდება დამატებითი მოსაკრებლის ან გადასახადის დაწესება 12 სმ და ზევით დიამეტრის მქონე რესურსის მოპოვებისას, მოხდება მხოლოდ დაფირნიშების საფასურის – 1 კბმ-ზე 3 ლარის გადახდა. მოსახლეობა არ იხდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, რომლის გადახდაც ჩვეულებრივ ხდება სოციალური ჭრის დროს საშეშე ან სამასალე მერქნით სარგებლობისას,”- განმარტა მინისტრმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზანია მერქნულ რესურსზე მოსახლეობის წვდომის გამარტივება. გარდა ტყეში არსებული ბუნებრივად ან სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ძირნაყარი რესურსისა, არსებობს მდინარეების კალაპოტებში ასევე სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყე. საქართველოს მდინარეების ღვარცოფული ხასიათიდან გამომდინარე ასეთი რესურსი სეზონურად ხშირად აკუმულირდება ამა თუ იმ მდინარის კალაპოტში, რაც ერთის მხრივ, იწვევს მდინარეების ჩახერგვას და ზრდის კალაპოტის შეცვლისა და წყალმოვარდნის საშიშროების რისკებს, მეორეს მხრივ, ეს რესურსი ხშირ შემთხვევაში ლპება გამოუყენებლად, კარგავს მერქნულ ღირებულებას, იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია მისი სათბობად გამოყენება.
“დღეის მდგომარეობით არ ხდება მდინარეების კალაპოტებში არსებული სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი მერქნული რესურსის აღრიცხვა, არ არსებობს მისი კანონიერად გაცემის წესი, ამგვარი რესურსის ტრანსპორტირება დასჯადია და დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ასეთ რესურსზე კანონიერების დამდგენი დოკუმენტის მიღება დაკავშირებულია ხანგრძლივვადიან პერიოდთან და ადმინისტრაციულ ბარიერებთან,”- განაცხადა აგულაშვილმა.
ცვლილების შედეგად ეროვნული სატყეო სააგენტო გახდება პასუხისმგებელი უწყება აღრიცხოს, დაახარისხოს, დაასაწყობოს და განკარგოს მდინარეების კალაპოტში არსებული მერქნული რესურსი – სოციალური და ეკონომიკური მიზნით. მოსახლეობას მიეცემა საშუალება კანონიერად მოიპოვოს და განახორციელოს ტრანსპორტირება.
საკანონმდებლო ცვლილება ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირებას, მდინარეების კალაპოტების გასუფთავებას, მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფას, ხე-ტყის ტრანსპორტირების კონტროლისა და ბრაკონიერებთან ბრძოლის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.