LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მე ამით ვცოცხლობ და ვსუნთქავ”

35

Ardaidardo.Geგადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” მომღერალი ნინო ბაშარული ესტუმრა.

 

– ჩემთვის ნინო ბაშარული არის აღმოჩენა, დავიწყოთ თავიდან, როდის დაიწყე სიმღერა

 

– ბავშვობიდან ვმღერი და ეს ჩემი ოჯახის დამსახურებაა. ბებია მღეროდა ფანდურის თანხლებით, დედაც ასევე არაჩვეულებრივად მღეროდა. მეც ვმღეროდი, თუმცა კარიერაზე არ გვიფიქრია არც ერთს, ტანვარჯიშზე დავდიოდი და ჩემპიონობაზე ვფიქრობდი, შემდეგ იოგათი დავინტერესდი, შემდეგ არქიტექტურამ გამიტაცა. სერიოზულად არ მიმღერია… ჩემი პირველი გამოსვლა იყო თანაკურსელებთან ერთად როდესაც ბოშური ვიმღერეთ.

 

– დღეს საკმაოდ სერიოზული ჩანაწერები გაქვთ, როდის იგრძენით, რომ ხელი უნდა ჩაგეჭიდათ მუსიკისთვის?

 

– 23 წლის ასაკში, როდესაც ჩემმა მეგობარმა ქართველმა ებრაელებმა მითხრეს, რომ ჩამეწერა სიმღერა ებრაულ ენაზე. მათ სურდათ, რომ დამხმარებოდნენ და ბიძგი მიეცათ, ეს არის ებრაელების ხალხური ფოლკი, ძალიან საინტერესო გამოვიდა და დღემდე ძალიან დიდი სიყვარულით ისმენენ ქართველი ებრაელები ისრაელში. თუმცა, შემდეგ ისევ მივყუჩდი, წავედი ესპანეთში. იქ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ახლოვდებოდა და მითხრეს, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ პატარა მყავდა შვილი და ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ მიმაღებინეს მონაწილეობა ჯაზის ფესტივალზე მადრიდში და ძალიან დიდი მოწონება დავიმსახურე. საოცარი მუხტი იყო. როგორც კი ჩამოვედი გადავწყვიტე შემექმნა ჩემი ჯგუფი, ბენდი და გამეკეთებინა ჩემი საყვარელი რეჟისორის პედრო ალმადოვარის ფილმების საუნდტრეკები. მივიღეთ არაერთ მნიშვნელოვან ივენთში მონაწილეობა. ”პალომა” ერქვა ბენდს და ასევე ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ჩვენს საქმიანობას. იყო ლათინო ამერიკული მუსიკა, აფრიკული, რუსული რომანსები… ვაკეთებდით იმ სიმღერებს, რომლებიც მე ძალიან მიყვარდა, დღესდღეობით მხოლოდ გიორგი ფხალაძე შემომრჩა და მასზე საუბარი არასდროს არ მომბეზრდება, ჩემი სიმღერების უმრავლესობისათვის არანჟირება მისი გაკეთებულია.

 

– შენ მარტო არ მოსულხარ, მეგობრებთან ერთად ხარ, რომლებიც მფარველ ანგელოზებად მოიხსენიე, გაგვაცანი ისინი, მაია ბენია და სოფო გორგილაძე…

 

– ორივე ”გეპეის” ლექტრორია, პროფესორები არიან და არაერთი პროექტის ავტორები…

 

სოფო: – მიხარია, რომ აქ ვარ, ყოფილი რადიო წამყვანი ვარ. როდესაც ჩემი დღევანდელი სტუმრობა ჩემს მეგობარს ნინო ბაშარულს ეხება, მით უფრო თავისუფალი ვარ ჩემს მონოლოგში. მე ვარ მისი საკონცერტო პროგრამების ავტორი. ჩემი და მაიას თვალწინ ხდება უს ყველაფერი, რასაც ნინო ქმნის. ის იმდენად მისტიურია თავის შემოქმედებაში, მინდა ხანდახან წამი გაჩერდეს და გაგრძელდეს ეს ყველაფერი… როდესაც ნინო ბაშარულმა ერთ მშვენიერ დღეს თავისი ”ფეისბუქის” გვერდზე ატვირთა მიმართვა, სადაც ეწერა, რომ სურდა ქართველი ემიგრანტებისთვის ემღერა და უცხოეთში წასულიყო, საოცარი რეაქცია მოყვა. ამ შემთხვევაში ბერლინის ქართულმა სათვისტომომ იაქტიურა, თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება ნინოს გამოსვლა. მალე ჩაიწერება ასევე მამა სერაფიმესა და ნინოს მიერ ერთობლივი დისკიც. აღსანიშნავია, რომ ნინოს თითქმის ყველა სიმღერის ტექსტის ავტორი არის მისი მეუღლე.

 

მაია: – ნინო ბაშარულის ტურნე გერმანიაში ძალიან წარმატებული იყო, ჩვენ ბერლინში შევხვდით ქართველ ემიგრანტებს. ორი კონცერტი მოეწყო, ისინი ცრემლიანი თვალით უსმენდნენ ნინოს, კონცერტის შემდეგ ფოიეშიც კი მღეროდა. ეს ამბავი მოხდა ივნისის თვეში. შედგა ბერლინში ნინოს საავტორო დისკის პრეზენტაცია. ნინომ იმღერა ასევე მიუნხენშიც. ვესტუმრეთ იქაურ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც, სადაც ნინომ იგალობა.

 

– ვისაუბროთ შენს ალბომზეც…

 

– მასში 8 სიმღერა შედის, ყველა ჩემი დაწერილია, დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა მეუღლემ, გელა კაციტაძემ, რომელიც ტექსტების უმეტესობის ავტორია, ასევე დიდი მადლობა მინდა ოთარ ჭილაძესა და ტარიელ ხერხელაურს გადავუხადო ლექსებისათვის. მიმართულება გახლავთ ეთნო კლასიკური, ზოგს ლირიული ხასიათი აქვს, ზოგს ტრადიციული და ზოგს მხიარულიც. ჯერ ვერ გადავწყვიტე სად მოხდება მისი გაყიდვა, მცირე ტირაჟით, მხოლოდ 300 ერთეული დაიბეწდა, თუმცა, თუკი ვინმე დააფინანსებს და დიდი ტირაჟით გამოვა, მოხარული ვიქნები. ეს ჩემი პირველი საავტორო ალბომია.

 

– ნინო ბაშარული ახერხებს თუ არა საქართველოში თავი მუსიკით ირჩინოს?

 

– ამაზე არ ვფიქრობ, გვაქვს შემოსავლის წყარო. მე სხვა საქმე არ გამაჩნია და თავიდან ბოლომდე მუსიკაში ვარ ჩართული. მე ამით ვცოცხლობ და ვსუნთქავ… მე არ მაქვს კომერციული გათვლა, ეს არის ჩემი ცხოვრება.

 

– ვისაუბროთ მეუღლეზეც…

 

ნინო: – მანამდეც წერდა, მანამდეც ვმღეროდი, თუმცა, დაქორწინების შემდეგ დავიწყეთ ერთად მუშაობა.

 

სოფო: – უნდა ჩაგერთოთ, გელა კაციტაძე წლების მანძილზე ცხოვრობდა ესპანეთში, მე და გელა ბავშვობის მეგობრები ვართ და ერთ მშვენიერ დღეს მან გამომიგზავნა რვეული, რომელიც ლექსებით იყო სავსე… მისგან დაუკითხავად გამოვეცი კრებული. შემდეგ კი მე და ნინომ ლიტერატურულ კაფეში წიგნის პრეზენტაციაც გავაკეთეთ.

 

– სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით…

 

მაია: – ბევრი შემოთავაზება აქვს. კიდევ ვგეგმავთ გერმანიაში წასვლას. ასევე, არის ვადიმ კოლპაკოვის ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობენ მადონას კონცერტებში როგორც მისი ”ბექები”. დაურეკეს ნინოს და შესთავაზეს იმღეროს მათთან ერთად. შევაჩერეთ ეს პროექტი, თუმცა დროებით, მაგრამ ის ძალაშია და ვთანხმდებით ტექნიკურ დეტალებზე. ახალ წლამდე იქნება კონცერტი მადონას ბოშებთან და ნინო ბაშარული ერთად.

 

– ლაზების თემასაც მოვკარი ყური…

 

ნინო: – დიახ, ყოველწლიურად მიწვევენ ლაზების ფესტივალზე. ის 4-5 საათის განმავლობაში გრძელდება და მეც მაქვს ბედნიერება ვიმღერო ხოლმე. მინდა რეგიონებში ტურნე ჩავატარო და დავიწყებ ზუგდიდით…

 

– ”ის ვაჟი” ძალიან პოპულარული სიმღერაა. მე ამ სიმღერით გაგიცანი. მომიყევი მის შესახებ…

 

ნინო: – ტექსტი და მუსიკა ჩემია, არანჟირება გიორგი ფხალაძეს ეკუთვნის. ჩაიწერა ”სანო” სტუდიაში.

 

 

ნინო ბაშარული – ის ვაჟი

 

AudioNINO BASHARULI – IS VAJI

 

 

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

Audiodamzadam12za

 

 

 

ნინო ბაშარული – რაჭული ბალადა. Live

 



 

 

ნინო ბაშარული – სევდის ბალადა. Live

 



 

 

ვიდეო კოლაჟი

 



 

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები