LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე არ მქონდა პროფესიონალური მონაცემი, არასდროს მივლია მასწავლებელთან… არასდროს მქონია ამბიცია, რომ დიდ სცენაზე დავმდგარიყავი… ხალხის სიყვარული რომ არა, ალბათ, იმ ნაბიჯებსაც არ გადავდგამდი, რაც გადავდგი“ – სალომე ტეტიაშვილი

22
სალომე-ტეტიაშვილი-&-ზურაბ-ბეჟაშვილი

8 დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი სალომე ტეტიაშვილი და კომპანიის „GMI“ დირექტორი – ზურაბ ბეჟაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში სალომე ტეტიაშვილის და ბექა როსტიაშვილის სიმღერის „უდარდელა“ პრემიერა შედგა.

ზურა, ვისაუბროთ  კომპანიაზე „GMI“.

ზურა: ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა საავტორო უფლებების ასოციაციები, მაგრამ ჩვენ არ ვართ ასოციაცია, ჩვენ უფლებების ინდივიდუალურად მართვა გვეხება. რაღაცები კოლექტიურად ასოციაციების მიერ იმართება, რაღაცები ინდივიდუალურად. ინდივიდუალური მართვა ნიშნავს იმას, რომ ყოველ ახალ გამოყენებაზე, უნდა აიღონ ჩვენგან ნებართვა, რომელსაც ჩვენ ავტორთან შეთანხმების შესაბამისად გავცემთ. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ქართულ ბაზარზე „Rights management“ შემოიტანა.

უფლების არ აღების შემთხვევაში რა ხდება?

ზურა: ამ შემთხვევაში უკვე არის დარღვევა და ნებისმიერ დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. გვყავს ძლიერი იურისტების გუნდი და დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ვახდენთ რეაგირებას.

რამდენად ხშირია ასეთი დარღვევები?

ზურა: ძალიან ხშირია, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ მოლაპარაკებით დავასრულოთ და არავის ვუჩივლოთ. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევებიც, როცა გვიწევს სამართლებრივ დავაში შესვლა, სარჩელის შეტანა და ათმაგი ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნა.

სალომე, რატომ მოანატრე თავი მსმენელს, რატომ არ ჩანდი ბოლო დროს?

სალომე: რატომ არ ვჩანდი, ძალიან მრავლის მომცველი კითხვაა. პირველ რიგში, ვაღიარებ, რომ ამ სფეროში ძალიან აქტიური არ ვარ და არ ვიყავი ეს წლები. ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ის, რომ პოპულარობის გამო მემღერა. ჩემი პირველი სიმღერა ძალიან შემთხვევით „გავარდა“. ეს უბრალოდ მეგობრების წრეში ნამღერი იყო, რამაც დაიმსახურა ხალხის სიყვარული და გამოიწვია ცნობადობა. შესაბამისად, წამოვიდა მოთხოვნაც. ზუსტად ამან განაპირობა ჩემი კონკურსში გასვლაც. ამაზე მართლა არასდროს მიფიქრია, რადგან ვაღიარებ, რომ ძალიან მეშინია მსგავსი მასშტაბების. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. მით უმეტეს, რომ მე არ მქონდა პროფესიონალური მონაცემი, არასდროს მივლია მასწავლებელთან… არასდროს მქონია იმის ამბიცია, რომ დიდ სცენაზე დავმდგარიყავი. შესაბამისად, მე არასდროს მქონდა ამაზე ნაფიქრი, მაგრამ ხალხის ბიძგმა, ტალღამ გამოიწვია ჩემი ეკრანებზე გამოჩენა. შემდეგ, არის მოთხოვნა, გეძახიან გადაცემებში, რადიოში, რაღაც პროექტებში გრთავენ, მაგრამ ხომ იცით, როგორც ხდება… ახალ წელს, ახალი ნაკადი რომ მოდის, შემდეგ მათზე გადადის აქცენტი.  თუ მერე შენ შენით არ იაქტიურე, ახალი სიმღერა, კლიპი არ გააკეთე, თითქოს, იკარგები. სიმართლე გითხრათ, მე ამის არც შესაძლებლობა მქონდა და რაღაც მომენტში, სურვილიც  დაკარგული მქონდა იმის გამო, რომ ჩემი ამ ტიპის ნამღერმა გამოიწვია ის, რომ ავტომატურად მქონდა იარლიყი, რომ მე ფანოღის შემსრულებელი ვიყავი. გულახდილად რომ გითხრათ, თითქოს დამთრგუნა ამ დამოკიდებულებამ. ხალხის სიყვარული რომ არა, ალბათ, იმ ნაბიჯებსაც არ გადავდგამდი, რაც გადავდგი. ამას ძალიან ვაფასებ და ძალიან მადლობელი ვარ, რადგან არიან ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომლებიც მაყურებელმა ვერ მიიღო და ჩვენ ამის არაერთი შემთხვევა გვინახავს.

ზურა: მოდით, ნეიტრალური თვალით შევხედოთ იმას, რაც სალომემ და ბესომ გააკეთეს… 2013 წლის 16 დეკემბერს, ორი მეგობარი აქვეყნებს ტელეფონით სახლში გადაღებულ ვიდეოს, არანაირი პროფესიონალური კამერა… მღერიან პოპურს და უცებ სალომეს ხმა შედის თითოეული ქართველის სულში და სიმღერა 20 მლნ მოსმენას აგროვებს. დამერწმუნეთ, ეს ძალიან ბევრი მუსიკოსის ოცნებაა. ძალიან მიხარია, რომ დღეს მთელი საქართველოსთვის საყვარელ სიმღერას ახალი სიცოცხლე მიეცა. აქამდე, „იუთუბზე“ კი იყო ეს სიმღერა ხელმისაწვდომი, მაგრამ მისი კარგი ხარისხის ჩანაწერი არ არსებობდა. აუდიტორია კი ამას ითხოვდა. სიმღერა თემო აბულაძის სტუდიაში ჩაიწერა, რისთვისაც დიდი მადლობა მას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ამ ავტორები, „უდარდელა“ – ვაჟა დურგლიშვილი და ვახტანგ გოგოლაშვილი, „გულმართალი კაცი“ – ვაჟა დურგლიშვილი, ნუგზარ ერგემლიძე, „ჩემი გული შენ მოგიკლავს“- გოგი ცაბაძე, პეტრე გრუზინსკი.

სალომე, აქტიურად გეგმავ კარიერის გაგრძელებას?

სალომე: რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს, რომ გაგრძელდეს ეს ყველაფერი და ახალ ახალი ნამუშევრები გაკეთდეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა რა გამოხმაურება იქნება, ისევ მოეწონება და დააინტერესებს ხალხს თუ არა. გაჩერება ამ კუთხით არც მქონია, უბრალოდ, ფართო ეკრანებზე არ ვჩანდი. სიმღერა არასდროს შემიწყვეტია.

 

სალომე ტეტიაშვილი & ბესო როსტიაშვილი – უდარდელა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ზურაბ ბეჟაშვილი & სალომე ტეტიაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები