LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და ჩემმა მეუღლემ შვილთან ერთად მზიანი ზამთრის გატარება საქართველოში გადავწყვიტეთ…“ – ნათია თოდუას ახალი საშობაო სიმღერა და კომპოზიცია, რომელიც ქართულ ენაზე დაწერა

764
ნათია-თოდუა

მომღერალი ნათია თოდუა ესტუმრა „ფორტუნა პლუსზე“ მიკი ჯეჯელავას გადაცემას „უსმინე ახალს“, წარადგინა თავისი ახალი საშობაო სიმღერა და ისაუბრა დღევანდელ გამოწვევებზე, რაც სოციალური ქსელების გააქტიურების პარალელურად მუსიკოსის წინაშე დგას. გარდა ამისა, მან საქართველოში ხანგრძლივად ყოფნის მიზეზებიც განმარტა.

ნათია, მიხარია შენი დანახვა ჩვენს სტუდიაში, სადაც პირველად ხარ… როგორ ხარ?

ძალიან კარგად. საშობაო სამზადისი მოვიწყვე მუსიკალურად, ჯერ ნაძვის ხეც არ დაგვიდგამს, არც სახლი მოგვირთავს, მაგრამ ახალი საშობაო სიმღერა უნდა შემოგთავაზოთ.

საქართველოში ხარ ამჟამად? მგონი, იშვიათი შემთხვევაა, როცა ამდენი ხნით შემორჩი თბილისს…

ბოლო სამი თვეა, გადავწყვიტეთ, რომ მზიანი, თბილი ზამთარი ხელიდან არ გაგვეშვა. აქ ვატარებთ მზესთან ერთად ყოველ დღეს. არასდროს ვყოფილვარ ამხელა დროით ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოში, რაც გერმანიაში გადავედი საცხოვრებლად. ბავშვი გვყავს, მაგრამ სანამ სკოლას მივუკაკუნებთ და ბაღში დავდივართ, შეგვიძლია გაცდენა და შევირგეთ თბილი ზამთარი. ეს პერიოდი კარგად და პროდუქტიულად გამოვიყენე შემოქმედებითად, ბაბუებისა და ბებიების დახმარება ისეთი კარგი ყოფილა თურმე. დატვირთული ხურჯინით ჩავალ გერმანიაში, სტუდიაში რა საქმეც მქონდა, ყველაფერი გავაკეთე.

გერმანიაში რა გეგმები გაქვს?

თებერვლიდან იწყება გერმანიაში მუსიკალური სეზონი, რადგან კორპორაციული კულტურა იქ ასე არ არის, როგორც საქართველოში. გერმანიაში ტარდება კონცერტები, მუსიკალური ფესტივალები. ჩემი სურვილი თავიდანვე ის იყო, რომ ფესტივალების მიმართულებით წავსულიყავი და ახალი სიმღერების პრემიერებიც იქ გამეკეთებინა, ბენდთან ერთად. მაქვს აქტიური მუშაობის პერიოდები, გერმანიაში პასიურობისას კი საქართველოში ჩამოვდივარ, აქ ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები არიან და მათთან კოლაბორაციის საშუალებას ხელიდან არ ვუშვებ.

17 დეკემბერი შენთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს იყო დღე, როდესაც ევროპულ მუსიკალურ საზოგადოებას უთხარი, რომ შენი ადგილი იქ არის – თარიღი, როდესაც გერმანული „ვოისის“ გამარჯვებულად გამოგაცხადეს…

უკვე რვა წელია, ჩემი ოჯახის წევრები ერთმანეთს ვულოცავთ ამ დღეს, გარდა იმისა, რომ ბარბარობაა, ჩემი გამარჯვების დღეც არის, სიმბოლური დღე გახდა ჩემთვის. ამ დღემ მუსიკასთან დამაკავშირა. ახალი საშობაო სიმღერის პრემიერაც ამიტომ დავამთხვიე ამ თარიღს. ამ ჯადოსნურ დღეს ყოველთვის ვეცდები, მუსიკალური სიახლე შევთავაზო მსმენელს. ძალიან კარგად დამებედა ყველაფერი. ყველას ვუსურვებ, ამ დღეს სიკეთითა და სიყვარულით შეხვდეს…

გარდა იმისა, რომ სტუდიაში იყავი გამოკეტილი და მუშაობდი ახალ სიმღერაზე, საქართველოში ყოფნის პერიოდი თუ უკავშირდება კონცერტებს, გამოსვლებს, საახალწლო ღონისძიებებს?

საქართველოში ყოველთვის მქონდა უფრო დიდი კონცერტები, მასშტაბური, ვთქვათ, ევროპის დღესთან დაკავშირებული ან სხვა. გარდა ალბომის პრეზენტაციისა, რაც კოვიდის დროს მომიწია, არ მქონია პუბლიკასთან აქტიური შეხება. როცა ჩემი ინტერვიუ დაიდება სადმე, ან სიმღერა გამოდის, დიდ გულშემატკივრობას ვგრძნობ ქართველი მსმენელისგან. მეც მინდა, ჩემი მუსიკით პირდაპირი კონტაქტი და კავშირი მქონდეს და ემოციური გაზიარება. შოუბიზნესის სივრცე კორპორაციული წვეულებების კუთხით უფრო განვითარებულია. მინდა, ჩვენს მსმენელს რამდენიმე საღამო ვაჩუქო და მუსიკით გავაზიარო ის სიყვარული, რასაც ვგრძნობ. გვაქვს რამდენიმე მოლაპარაკება, მაგრამ ჩემთვის ახალია და მუსიკოსები მოვიძიე, პროგრამა შევადგინე. შესაძლოა, იყოს ერთი-ორი აქტივობა…

საბედნიეროდ, საქართველოში კარგი მუსიკოსების დეფიციტი არ არის…

როცა ჩავდივარ ხოლმე გერმანიაში და აქ ჩაწერილ კომპოზიციებს ვასმენინებ ჩემი ბენდის წევრებს, რომელთან თანამშრომლობაც ძალიან მიყვარს. სულ ხაზს უსვამენ იმას, როგორი საინტერესო შესრულებებია ჩვენი მუსიკოსებისგან. ცოტა ვართ რაოდენობრივად, მაგრამ ძალიან დიდი ნიჭია ჩვენში. ვუსურვებ, რომ ყველამ შეძლოს, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანოს თავისი ნიჭიერება.

რატომ არ ხარ აქტიური სოციალურ პლატფორმებზე? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიას ინტერნეტის გარეშე აღარ აქვს გასაქანი. ამ შესაძლებლობას მუსიკოსები აქტიურად იყენებენ. შენ კი ონლაინ სივრცეში არ ჩანხარ…

არასდროს მინდა, განვიცადო შურის მომენტი, მაგრამ ზოგიერთ მუსიკოსს არ უწევს არანაირი სოციალური აქტივობა და ნამდვილად მშურს მათი (იღიმის). მაგალითად, ბიორკი, რომელმაც ახლახან როსალიასთან ერთად ჩაწერა კომპოზიცია, რომელიც ალბათ, ისტორიას დარჩება. ზოგმა ისიც კი არ იცის, ცოცხალია თუ არა… მაგრამ ალბათ, ბიორკი უნდა იყო, რომ არ გიწევდეს ამ დოზით შენი სიახლეების შეთავაზება მსმენელისთვის.

ამას წინათ რადიოში ვუსმენდი ჯონ ლენონის სიმღერას. მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობდით მისი გარდაცვალების ამბავზე. იმდენად ნაკლებად ჰქონდა მსმენელს მის შესახებ სიახლეების გაგების შესაძლებლობა, ყოველდღიურად არაფერი იცოდნენ. ახლა კი ზღვარი აღარ დარჩა, იმდენ რამეს აზიარებ არტისტი. ვფიქრობ, ოვერდოზია, თუმცა ეს პირდაპირ უკავშირდება აქტუალურობას. ძალიან სწორი კითხვა დასვი და ვცდილობ, გამოვსწორდე ამ მიმართულებით.

ძალიან დიდი პროტესტი მქონდა ხელოვნური ინტელექტის მიმართ. ახლა ვთხოვე, შემახსენოს, როდის უნდა გავაზიარო აქტივობა სოციალურ ქსელში, თუმცა ზღვარიც დავაწესეთ. ინფლუენსერობა არ მსურს. რაც საჭიროა, იმას გავაკეთებ სიამოვნებით, მაგრამ ეს უნდა შემახსენოს ვიღაცამ…

გერმანიაში ცხოვრობ და არ ჩანხარ საქართველოში ხშირად, მაგრამ იმსახურებ, რომ უფრო დიდი დოზით ჩანდე – ეს ჩემი მოსაზრებაა… მოდი, სანამ საუბარს დავასრულებთ, ახალი საშობაო სიმღერის შესახებ გვესაუბრე.

სიმღერას ჰქვია „365 შანსი“, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველი დღე ახალი შესაძლებლობისთვის უნდა გამოიყენო. ყველაფერი წინ არის და არასდროსაა გვიან. ჩემს პირად გამოცდილებას ეფუძნება. ეს სიმღერა იმაზეა, იმედი არ უნდა გადაიწურო და სასწაულების უნდა დაიჯერო, შობისა და ახალი წლის თბილ და ემოციურ გრძნობებს აერთიანებს, რაც ვფიქრობ, ყველა ადამიანშია ასეთ დროს… სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი თავად ვარ. აუცილებლად უნდა ვახსენო მესაყვირე, გიორგი შამანაური, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. პირადად არ ვიცნობდი მას, სოციალური ქსელით დავუკავშირდი და ვთხოვე ჩართულიყო ამ სიმღერაში. დიდი პატივისცემა გამოვხატეთ ერთმანეთის მიმართ და ერთად გადავწყვიტეთ ამ სიმღერის გაკეთება. როცა გამოაგზავნა თავისი პარტია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა უნიჭიერესი მუსიკოსები გვყავს საქართველოში. მზად არის ცემი ახალი EP, რომელიც გაზაფხულზე გამოიცემა და ახალ მუსიკალურ აქტივობას გახსნის. კიდევ იქნება სიახლე, რომელიც ჩემი მსმენელისთვის მოულოდნელობა იქნება. „აკუსტიკაში“ არაერთი ქართული სიმღერა შემისრულებია და განმიახლებია, მაგრამ რისკი მუდამ არის, ჩვენი მსმენელი სხვანაირად აფასებს. როცა შენებური სტილი გაქვს, ინგლისურ თუ სხვა ენაზე მარტივად მიდის, ქართულში სილამაზისა და სითბოს შენარჩუნება სიტყვებისთვის არცთუ ადვილია, მაგრამ ამ მცირე ალბომში იქნება ჩემი ქართულენოვანი სიმღერაც. მაინტერესებს, როგორ მიიღებს მას მსმენელი. ჩემი მშველელი საქართველოში არის ზურა მახნიაშვილი, რომელიც ჩანაწერებში დიდ როლს თამაშობს. დიდი მადლობა მას… მართლაც ძალიან ნიჭიერი ადამიანია…

ნათია, გემშვიდობები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არა დიდი ხნით… სანამ აქ ხარ და როცა მეორე სამშობლოს, გერმანიას დაუბრუნდები, იქიდანაც მოგვაწვდი არაერთ ნამუშევარს...

დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები