18 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ გია ნიკოლაძე და ფატუნა ბუშიჰედი სიმღერის პრემიერით სტუმრობდნენ.
-გია, „ნიკოლშოუს“ შექმნის იდეა რომელ ძმას დაგებადათ?
გია: „ნიკოლშოუს“ შექმნის იდეა მე მეკუთვნის.
-როგორ შეიქმნა თქვენი მეგა ჰიტი „ზოგი ასე უბერავს“ ?
გია: ვაპირებდი გამეკეთებინა სერიალი, სცენარის მიხედვით, „შესანიშნავი შვიდეულის“ მსგავსად იკრიბებოდნენ მუსიკოსები და ერთმანეთს ეკითხებოდნენ „აბა შენ როგორ უბერავ“ და ყველას თავის სტილში უნდა „შეებერა“ ეს სიმღერა. სერიალი არ შედგა, რადგან არ იყო დაფინანსება. მერე გადავწყვიტე თავად მემღერა ჩემს ძმებთან ერთად. „ზოგი ასე უბერავს“ იყო პირველი სიმღერა, რაც ჩავწერე. ჩანაწერი ცოტა აბდაუბდა და არა სუფთა იყო, მაგრამ მერე კლიპი გავაკეთე ისეთი, რომ 3 თვე ვამუშავებდი და ძალიან კარგი გამოვიდა. შემდეგ, სანო მოვიდა და მითხრა არანჟირებას მე გაგიკეთებო, გაკეთდა სხვა არანჟირებაც, თუმცა კლიპში პირველი ვერსიაა. კლიპი სხვა სტატუსს სძენს ამ სიმღერას, სულ სხვა მუხტი მოაქვს და ვფიქრობ, კლიპის დამსახურებაცაა, რომ პრესტიჟს არ კარგავს ეს ნამუშევარი. ეს სიმღერა რესტორანში რომ ირთვება, ყველა საცეკვაოდ დგება. ახლაც მინდა რამე ასეთი სიმღერა გავაკეთო, მაგრამ აღარ გამომდის.
-არანაკლები ჰიტია „ქართული ზღაპარი აი ია“…
გია: ეს სულ სხვა რაღაცაა, მე თუ მკითხავ, ამას სიმღერა არ ჰქვია, უფრო შემეცნებითი ნოველაა.
–შეგისრულებია ისეთი სიმღერა, რომელიც შენს სტილისტიკაში არ ჯდება?
გია: ბავშვობაში „არლეკინო“ შემისრულებია, თავის სიცილებით და კიდევ ტირიფები.
-მოგვიყევი სიმღერის „მიდი, მიდი, მოვდივარ“ ახალ ვერსიაზე.
გია: ძალიან მინდა ამ სიმღერის კიდევ ერთი ვერსია გავაკეთო, სადაც ბოლომდე იმღერებს ფატუნა. ამ ვერსიაში ფატუნა მხოლოდ პატარა ნაწილს „ნახე როგორ ერთდება, ნახე რა ლამაზია…“ ასრულებს. მე და ფატუნამ რამდენიმე სიმღერა უკვე ვიმღერეთ ერთად, რაზეც ძლივს დავითანხმე. ყოველთვის ძალიან მინდოდა ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება, სიმღერის დაწერისას სულ ვფიქრობდი, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ვიდეორგოლი.
-ფატუნა, როგორ დაახასიათებდი გიას და მის შემოქმედებას?
ფატუნა: გია რომ გავიცანი, 19 წლის ვიყავი. ვიყავით სტუმრად, სადაც გია საუბრობდა თუ როგორ აღმერთებს დედამიწას და ა.შ. ვიფიქრე, რომ ძალიან გამახარებდა მასთან შეხვედრა, ურთიერთობა, მეგობრობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, „ფეისბუქმა“ ამომიგდო მისი შემოქმედება, იმდენად გულში ჩამწვდომი იყო მისი თითოეული ფრაზა, სტროფი, რომ ცრემლები მომდიოდა კითხვისას. დავიწყე გიას შემოქმედების, პოემების, ჩანახატების, ლექსების შეგროვება, ეს არის 5000-მდე ნამუშევარი. ბედნიერი ვარ, რომ უბრალოდ კი არ ვიცნობ გიას შემოქმედებას, არამედ გენეტიკურ კოდში გადამივიდა მისი თითოეული ფრაზა. ცალკე ნიჭია მისი მელოდიური ტემბრი, მხატვრობა და ა.შ. უნიჭიერესი ადამიანია, რომლითაც ძალიან ვამაყობ. მის შემოქმედებას რომ დავანებოთ თავი, ძალიან დიდი ვაჟკაცი და ერის კაცია.
–ფატუნა, აქამდე რატომ არ მღეროდი?
გია: იმიტომ, რომ მოდის სამყაროში იყო გადავარდნილი. ალბათ, არც უნდოდა სიმღერა, მოდაში ისეთ მწვერვალებს წყვეტდა.
ფატუნა: იმდენი ნიჭიერი მომღერალია, მე როგორ შემიძლია ვიმღერო.
გია: ძალიან მაგარი ხმის ტემბრი და სიმღერის კულტურა აქვს.
-დღეს გვაქვს სიმღერის პრემიერა, რომელიც დაბადების დღის თემატიკაზეა. მომიყევით ამ სიმღერაზე…
გია: დედაჩემს სულ უნდოდა და სულ მეუბნებოდა, რომ დაბადების დღეზე რამე სიმღერა ჩამეწერა. ბოლო დროს, ფატუნაც სულ მეუბნებოდა, რამე გავაკეთოთ დაბადების დღის თემაზეო და ასე გავაკეთეთ ეს სიმღერა. ამ ნამუშევარში პატარა ნაწილი ძველი სიმღერიდან გადმოვიტანე. გავაკეთეთ ისეთი ვერსიაც, სადაც შესაძლებელია იუბილარის სახელის ჩასმა და ვიღებთ შეკვეთებს (იცინის).
ნიკოლშოუ – მიდი მიდი მოვდივარ (2022 ვერსია)
ნიკოლშოუ & ფატუნა – დაბადების დღე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნიკოლშოუ & ფატუნა. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი