ცოტა ხნის წინ ქალაქ რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში ახალი ქართული სამაგიდო თამაშის პრეზენტაცია შედგა. „მე-დიატორი“ ჩაფიქრებულია, როგორც სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში დამხმარე.
ირინა მელქაძე, ქალაქ რუსთვის მე-16 საჯაროს სკოლის დირექტორი, სამაგიდო თამაშის „მე-დიატორი“ შემქმნელი:
– თანამედროვე ეპოქა ძალიან ტექნოკრატიულია, რაც ჩვენს მოზარდებს, ახალგაზრდებს გარკვეულწილად ასოციალურებს ხდის. ეს რასაკვირველია აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე, მათი პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესზე, სოციალიზაციის როლზე. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ მე და ჩემმა რამდენიმე კოლეგამ შეგვექმნა თამაში, რომელიც აამაღლებდა სამოქალაქო ცნობიერებას, განავითარებდა კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას, გააუმჯობესებდა საკომუნიკაციო უნარებს.

„მე-დიატორი“ არის ძალიან სახალისო, განკუთვნილია არაფორმალური შეხვედრებისთვის, ანუ ითამაშება სასკოლო გარემოში, სამეგობროში, საოჯახო შეკრებებზე და ითამაშება 14 წლიდან ზემოთ პირებს შორის როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. თამაშის მთავარი მიზანი აქტიური სამოქალაქო აზროვნების მქონე მოქალაქეების აღზრდაა – იმ ადამიანების, რომლებიც იზიარებენ ყველა იმ პასუხუსმგებლობასა და ვალდებულებას, რომელიც მოქალაქეს აკისრია.

„მე-დიატორი“ შედგება ორი ტიპის ბარათებისგან – დიდი ზომის ბარათებზე დატანილია ექვსი სხვადასხვა ცნება ილუსტრაციებით, პატარა ზომის ბარათები კი შეიცავს ამ ცნებების განმარტებებს, რაც თამაშს შემეცნებითს ხდის. თამაში ლოტოს პრინციპზეა დაფუძნებული. ბარათები ნაწილდება თამაშის წამყვანის მიერ მონაწილეებისათვის. წამყვანი კითხულობს პატარა ზომის ბარათზე მოცემულ ცნებას, ვინც სწორად გამოიცნობს, იღებს ამ ბარათს და მას თავის დიდი ზომის ბარათზე ათავსებს. იმარჯვებს ის, ვინც პირველი შეავსებს დიდ ბარათზე დატანილ ექვსივე ცნებას.

„მე-დიატორის“ დღის სინათლეზე გამოჩენა უკავშირდება რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ თამაშის ღირებულება დაინახეს და გადაწყვიტეს, ის სასახლის პროდუქტად ექციათ. ამ ეტაპზე სასახლის ბაზაზე მიმდინარეობს თამაშის მასტერკლასები. ყველას, ვინც „მე-დიატორით “დაინტერესდება, შეუძლია ფეისბუკ გვერდზე მოგვწეროს და ინდივიდუალური კონსულტაციის საფუძველზე, დისტანციურად თუ ადგილზე მისვლით, გავაცნობთ თამაშის არსს. იქიდან გამომდინარე, რომ „მე-დიატორი“ ამჟამად საპილოტე რეჟიმშია, ჯერჯერობით არ იყიდება. გვაქვს მხოლოდ სასაჩუქრე ეგზემპლარები, რომლებსაც რუსთავის სკოლებს გადავცემთ. რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში ვიზრუნებთ თამაშის ფართო მასებისთვის შეთავაზებაზე და მას, სავარაუდოდ, წიგნების მაღაზიებში შევიტანთ.
