საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გიორგი ვადაჭკორიას მიერ შექმნილი სტარტაპი გახდა.
როგორც ვადაჭკორია ამბობს, გამარჯვება მან მე-12 ცდაზე მოიპოვა.
გიორგი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში გვიზიარებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად 11 უარისა, ის მაინც არ დანებდა, რადგან გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.
ქართველი ნოვატორი „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ მის მიერ შექმნილი აპლიკაცია ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების გამარტივებაში და წონის კლებაში დაეხმარება.
მისივე თქმით, აპლიკაციაში შეძლებთ როგორც კალორიების დათვლას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების სწავლას.
„ამბობენ პირველივე ცდაზე გამარჯვება კარგი გრძნობააო – არ ვიცი, რადგან პირველივე ცდაზე არასდროს გამიმარჯვია.
მე გეტყვით როგორია მე-12 ცდაზე გამარჯვება.
ჩვენი გუშინდელი გამარჯვება, დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც პირველად გვითხრეს უარი და არ დავნებდით.
პირველი უარი რთული არ ყოფილა, მერე რა, მაინც გვჯეროდა რომ რაღაც შეგვეშალა და გავაგრძელეთ…
მეორედაც უარი გვითხრეს,
ეს უკვე დიდი სტრესი იყო:
“იქნებ რამეს არასწორად ვაკეთებთ?”
“იქნებ მართლა არაა საინტერესო იდეა?”
“ღირს გაგრძელება?”
შენ უნდა აირჩიო რა უფრო ძლიერია – მსგავსი არაფრის მომცემი ფიქრები თუ ბრძოლა შენი მიზნებისკენ, რომელსაც ყველა მწვერვალის დაპყრობა შეუძლია.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მეორე ავირჩიეთ და დაიწყო ორწლიანი “ფეილის ეპოქა”.
ვერ ვიტყვი რომ ყველა უარი სამართლიანი იყო, იყო რამდენიმე ისეთი, როცა არ მოგვექცნენ სწორად, მაგრამ აქედანაც ბევრი ვისწავლე, მივხვდი რომ ცხოვრება სავსეა უსამართლო გადაწყვეტილებებით, მთავარია დიდი როლი არ მივანიჭო მათ და გზა განვაგრძო.
ისიც მახსოვს, ერთმა მესიჯმა როგორ მძიმედ იმოქმედა ჩემზე, მაშინ როცა ყველაზე ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან და ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე 2 დღით ადრე გვითხრეს უარი ინვესტორებმა, ეს ალბათ ფორმას მე-9 და ყველაზე მძიმე ,,არა’’ იყო ჩემს ცხოვრებაში.
…მაგრამ ყველა დამარცხების შემდეგ რაღაც შევცვალეთ, რაღაც გავაუმჯობესეთ.
აპლიკაციის შექმნამდე საქმე ვისწავლეთ, ინვესტორებთან შეხვედრამდე – მოლაპარაკება.
ყველგან ვიყავით სადაც მოხვედრის შესაძლებლობა გვქონდა ან არ გვქონდა, ყველა კარზე ვაკაკუნებდით საიდანაც ინვესტიციის გამოტანა შეგვეძლო, იმიტომ რომ გვჯეროდა ჩვენი იდეის, ზუსტად ვიცოდი რომ სტარტაპი, რომელზე ფიქრიც 2019 წელს დავიწყე რეალობად იქცეოდა.
ჩემი ცხოვრების, ჩემი ფიქრების ყველაზე დიდი ნაწილი ეკავა ფორმას – აპლიკაციას, რომელიც ადამიანებისთვის ჯანსაღ ცხოვრებას თავგადასავლად აქცევდა – ვიჯექი და ჯერ არშექმნილი სტარტაპის დახვეწაზე ვფიქრობდი, წარმოვიდგენდი რა მოეწონებოდა მომხმარებელს, რითი დარჩებოდა დიდხანს აპლიკაციაში, ვეკითხებოდი აზრს ყველას, ვისგანაც რაღაცის სწავლა შემეძლო.
ვისხედით და განვიხილავდით ქვეყნებს- სადაც მეტად რეალური იყო აპლიკაციის გაშვება.
გუშინ გავიმარჯვეთ.
ვზივარ, ვუყურებ გრანტს და ვფიქრობ რა ბედნიერი წელი მელოდება წინ, რადგან ჩემს ოცნებაზე ვიწყებ მუშაობას და თვალების დახუჭვა აღარ დამჭირდება იმის წარმოსადგენად თუ როგორი იქნება ფორმა.
დღეს, ვხსნი ტელეფონს და ბედნიერი ვუყურებ ჩემს ახდენილ ოცნებას, რომელთან მისასვლელადაც 2 წელი, 11 უარი და დიდი, ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა,“ – წერს გიორგი ვადაჭკორია.