მე ოპოზიციის ადგილზე პარლამენტიდან გამოვიდოდი და ხალხში გავიდოდი – დეოლიგარქიზაცია ბუნების მოვლენა, მცენარეა, გაიზრდება, თუ როგორ მოხდება თავისით?! – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთია, როდესაც საკუთარ პოზიციას ქუჩაში აქციაზე გამოსვლით აფიქსირებს მოქალაქე, თუმცა ტექნიკურად უნდა იყოს მოფიქრებული, ახლა რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პოზიცია რეალობად იქცეს.
„მე მათ [ოპოზიციის] ადგილას პარლამენტიდან გამოვიდოდი და ხალხში გავიდოდი. ხალხი ელოდება იმ ახსნას, რას ნიშნავს ევროპული არჩევანის შენარჩუნება. რა უნდა გავაკეთოთ 6 თვეში?! მათ დაწერეს რაღაც ინგლისურად, ჩვენ გამოვედით ქუჩაში და დავდექით, მაგრამ ახლა რა უნდა მოხდეს?! თუ პოლიტიკოსი არ გამოვა პარლამენტიდან, ხალხში არ გავა და არ აუხსნის, რომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, რაც საქართველოს მისცემს შანსს ამ დრამატულ მომენტში, თავისით მოხდება დეოლიგარქიზაცია?! ბუნების მოვლენა, მცენარეა, გაიზრდება, როგორ მოხდება თავისით?! – ერთია, როგორც საქართველოს მოქალაქე, გამოვედი და დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ორი დღის წინ, მეორე არის, ტექნიკურად რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პოზიცია რეალობად იქცეს, ამაზე პოლიტიკოსი უნდა საუბრობდეს და მე ვერ წარმომიდგენია ამას საუბრობდე პარლამენტიდან, სადაც უშვერი სიტყვებით ხდება ერთმანეთის მოხსენიება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.