LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე რომ არ გადავხრილიყავი გვერდით, შესაძლოა, ტყვია მომხვედროდა გულ-მკერდის არეში“ – კლინიკის დირექტორი 80 წლის ექიმს პასუხობს

778
კლინიკის ექიმები

კლინიკის ექიმმა, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძემ  სამსახურიდან გათავისუფლების გამო მესროლა,- ამის შესახებ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორმა, გიორგი გალდავამ განაცხადა.

როგორც დაჭრილი ექიმი გამომძიებლებს უყვება, ბეჟანიძეს მისი მოკვლის განზრახვა ჰქონდა და არა შეშინების. გალდავა ასევე ამბობს, რომ ბრალდებულ ექიმს იარაღმა გაუჭედა და სწორედ, ამის გამო ვერ განახორციელა მეორედ გასროლა.

კლინიკის დირექტორის ჩვენების მიხედვით, ის ბრალდებულს 1991 წლიდან იცნობს. მისივე თქმით, თეიმურაზ ბეჟანიძე კლინიკაში ექიმ დერმატო-ვენეროლოგად მუშაობდა.

გალდავა ასევე განმარტავს, თუ რის გამო შეუცვალა თეიმურაზ ბეჟანიძეს სამუშაო ოთახი და აღნიშნულის მიზეზად კლინიკაში მიმდინარე რეორგანიზაციას ასახელებს.

დირექტორის ჩვენების მიხედვით, კონდიციონერი, რის გამოც კონფლიქტი დაიწყო, მისმა პარტნიორმა – ჯემალ ხარებავამ დაამონტაჟა და არა თეიმურაზ ბეჟანიძემ, როგორც ამას ის ამბობს.

„როცა მუქარის ფრაზა წარმოთქვა მან, რაზედაც მე ვუთხარი, რატომ მემუქრები თემური-თქო, ამ მომენტში უკვე დავინახე, რომ მარჯვენა ხელში ეკავა პისტოლეტური ტიპის იარაღი. ამ დროს დაიწყო ჩემი მიმართულებით დამიზნება და მე ძალიან შემეშინდა და შესაბამისად, გადავიხარე გვერდზე, ამ მომენტში, მე ვიჯექი სკამზე.. ფაქტობრივად, იმ წამიერ მომენტში მოხდა გასროლა და თავიდან ჯერ ვერ ვიგრძენი, შესაბამისად, მე რომ არ გადავხრილიყავი გვერდით, შესაძლოა, ტყვია მომხვედროდა არა მარჯვენა მხრის ძვალში, არამედ სხეულის სხვა ადგილას. შესაძლოა, გულ-მკერდის არეში, რადგან ფაქტობრივად ის მიმიზნებდა გულ-მკერდის არეში და რომ არა რეაქცია, ფატალურად დასრულებოდა შემთხვევა.

ის ჩემგან იდგა დაახლოებით, 2 მეტრში… ამ მომენტში, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობდი და იატაკზე წავიქეცი, ამ დროს, შევნიშნე, ისევ არ მანებებდა თავს, ცინიკური ტონით მეუბნებოდა, ხომ შეგეშინდაო და იმავდროულად ცდილობდა ისევ პისტოლეტის გადატენას და მიშვერდა მე, თუმცა, პისტოლეტმა გაჭედა და ვერ ახერხებდა მის გადატენას, მაგრამ მისი ქმედებებიდან და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ისევ მესროდა იარაღს.

თუმცა, მას იარაღის პრობლემა შეექმნა, მაგრამ პირველი გასროლის შემდეგ, მაინც არ მეშვებოდა და ცდილობდა ისევ ესროლა ჩემთვის, რაც ვერ მოახერხა. გასროლა გაკეთებული ჰქონდა, მეც ვყვიროდი და ვითხოვდი შველას, ამ დროს, ჩემი სამუშაო ოთახში შემოვიდნენ თანამშრომლები, აქვე დამატებით განგიმარტავთ, რომ მას შემდეგ, რაც მესროლა თეიმურაზმა და ისვე სროლას ცდილობდა და ვერ ახერხებდა, მან აიღო სკამი, მე იქვე ვიყავი ძირს დაგდებული და სკამიც მესროლა და ცდილობდა სკამის ჩემზე დარტყმას, ამ დროს კარები შემოანგრიეს თანამშრომლებმა, თუმცა თეიმურაზი როცა შემოვიდა ჩემ ოთახში, იმ მომენტში არ დამინახავს კარის ჩაკეტვა.

როცა მოხდა ფაქტი და მესროლა, კარები იყო ჩაკეტილი, რადგან თანამშრომლებმა შემოამტვრიეს კარები, რის შემდეგაც ჩამიტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, თუმცა, სად წავიდა თეიმურაზ ბეჟანიძე ამის შემდეგ, არ მახსოვს. დაზიანება მივიღე მარჯვენა ლავიწს და სახსარს შორის და მარჯვენა ხელს ფაქტობრივად, ვერ ვიყენებ…

თეიმურაზ ბეჟანიძეს და ჩემ შორის მომხდარი ფაქტის მიზეზი იყო მისი სამსახურიდან გაშვება, რის გამოც მესროლა იარაღი. ბეჟანიძისთვის კლინიკაში არ შემიმჩნევია როდისმე იარაღის ტარების ფაქტი, თუმცა აქვე განგიმარტავთ, რომ ბეჟანიძეს ჰქონდა ჩემი მოკვლის განზრახვა და არა შეშინების. აღნიშნულის გარდა, მეტი რაიმეს განმარტება არ შემიძლია“, – აცხადებს გალდავა ჩვენებაში, რომელიც „ინტერპრესნიუსმა“  მოიპოვა.

ცნობისთვის, თეიმურაზ ბეჟანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი გიორგი გალდავას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ამავე თემაზე:

“კაბინეტში კონდიციონერი არ იყო, სამსახურიდანაც გაათავისუფლეს” – ადვოკატი განმარტავს, რატომ დაჭრა 80 წლის ექიმმა კლინიკის დირექტორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g