13 იანვარს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ თამრიკო მეჭიაური და ნინო უძილაური სტუმრობდნენ, რომლებმაც თავიანთ მეგობრობაზე და თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მსმენელს სიმღერა „ჩამოათოვა“ წარუდგინეს.
ერთობლივი ნამუშევრის შექმნა ვისი ინიციატივა იყო?
თამრიკო: შემთხვევით აღმოვაჩინე ნინოს ლექსი, რომელიც თურმე, უკვე 4 წელია არსებობს. ძალიან მომეწონა, გადმოვიწერე და ნინოს დავურეკე, ვუთხარი, შენს ლექსზე სიმღერა მაქვს შექმნილი-მეთქი. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ნამუშევარია.
მალე დაიწერა აღნიშნული სიმღერა?
თამრიკო: ტრაბახით არ ვამბობ ამას, მაგრამ მე შავ მასალას არ ვწერ, სიმღერაში ჩემი პირველი ემოციაა გადმოცემული, არავითარი შეცვლა, იწერება ერთხელ და მორჩა.
თქვენი მეგობრობა როგორ დაიწყო?
ნინო: ერთ-ერთ საღამოზე შევხვდით ერთმანეთს.
თამრიკო: ერთმანეთს უფრო მეტად ქალბატონმა ნანა ცინცაძემ დაგვაახლოვა.
რადგან ახალი წლის პერიოდია, მინდა, რომ თქვენთვის გამორჩეული ახალი წელი გაიხსენოთ.
თამრიკო: მე ყველაზე კარგად ბებიაჩემის დადგმული ნაძვის ხე მახსენდება, ეს ჩემს ცნობიერებაში პირველი ნაძვის ხეა. მაშინ, კახეთში შევხვდი ახალ წელს, იმ პერიოდში, ნაძვის ხის სათამაშოები უფრო თბილისში ჰქონდათ და ვხედავ, ჩურჩხელა, კანფეტი, ვაშლი, კარალიოკი, ფელამუშში ამოვლებული ბროწეული, ნობათით სავსე, დახუნძლული ნაძვის ხე მქონდა.
ნინო: გამორჩეული ახალი წელი არ მახსენდება. ზოგადად, ახალი წელი რომ დგება, მგონია, რომ რაღაც იწყება ახლიდან და არასდროს მივტირი განვლილ წელს, რაც არ უნდა კარგი იყოს ის.
ვისაუბროთ თქვენს ახალ სიმღერაზე „ჩამოათოვა“.
თამრიკო: ჯერ არსად არ ყოფილა ამ სიმღერის პრემიერა, როგორც ყოველთვის, თქვენ პირველები ხართ, რადგან თქვენთან მომიხარია, „არ დაიდარდო“ არის ის რადიო, სადაც ყველა ჩემი სიმღერის პრემიერა შედგა. პოეტი უნიჭიერესი ნინო უძილაური გახლავთ. ეს ლექსი „ფეისბუქ“ გვერდზე დაიდო, ძალიან მომეწონა და მაშინვე ავიტაცე. სიმღერის არანჟირება ზაზა გოჩიტაშვილთან გავაკეთეთ, მის სტუდიაში ჩაიწერა. მუსიკის ავტორი მე გახლავართ.
თუ აპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას?
თამრიკო: კი, უკვე ამორჩეული მაქვს ლექსები.
თამრიკო მეჭიაური – ჩამოათოვა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თამრიკო მეჭიაური & ნინო უძილაური. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი