მთავარ სლაიდზე გამოყენებული ფოტო: მინდია გაბაძე/ „პუბლიკა“
დღეს, 16:00 საათზე, მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოს პროკურატურასთან აქციას გამართავენ.
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს თანადგომისკენ მოუწოდებს. ოჯახი გამოძიების ობიექტურად წარმართვას ითხოვს.
„23 დღე იყო ჩემი გიგა კომაში….
23 დღის განმავლობაში, ყოველ დღე სხვადასხვანაირი მხვდებოდა ჩემი შვილიკო….
მისი ჯანმრთელი სხეული იბრძოდა, თავგანწირვით იბრძოდა სიცოცხლისთვის…..
ერთხელ ვერ ვიცანი, მეგონა გიგას საწოლი სხვაგან გააგორეს;… მიმოვიხედე, რეანიმაციაში ხუთივე ასაკოვანი ადამიანი იწვა…. მივხვდი…..დავხედე საწოლს და ეწერა ,,გიგა ავალიანი”……
„მუხლმოდრეკით გევედრებით ყველას, მოდით 8 იანვარს, 16:00 სთ-ზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან… თამარ ბაჩალიაშვილის მამა მოვიდა ჩემთან წინა აქციაზე; მე რომ მივსულიყავი მასთან, როცა უჭკვიანესი შვილის სიკვდილში დამნაშავეს ეძებდა, იქნებ ვეღარ გაებედათ ჩემი გიგას მოკვლა!“ – გიგა ავალიანის დედა აქციას აანონსებს
თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი მოკლეს. მას საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს.
22-ე დღეს, ნაკერებს შორის ტვინმა ჩემს თვალწინ გამოჟონა………
მე შენ მჭირდები, ადამიანო!……
გევედრები, არ გამიშვა ხელი!……
მოდი, 8 იანვარს, 16:00სთ-ზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ.
მოდი ჩამკიდე ხელი….
მეშინია, მეშინია ამ სასტიკი უსამართლობის….“, – ვკითხულობთ ეკა კუპატაძის სოციალურ ქსელზე.
ცნობისთვის, პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რითაც გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას გამოეხმაურა. უწყება მზაობას გამოთქვამს, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეხვდეს და თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები განუმარტოს.
