“ეს არის ჩვენი სახლი, ჩვენი ციხესიმაგრე, ჩვენი აწმყოც, წარსულიც და მომავალიც” – ამ სიტყვებს ხშირად ახსენებს რუსო ბერიძე, რომელსაც მოხუცთა პანსიონი აქვს და თითოეულ მოხუცს საკუთარი მშობელივით უვლის. კოვიდ-19 მათაც ესტუმრა. თუმცა, მამაცი ბებოები და ბაბუები ვირუსს ღირსეულად უმკლავდებიან.
რუსო ბერიძე სოციალურ ქსელში თითქმის ყოველდღე გვიყვება არსებულ მდგომარეობას:
“მე თუ გადავრჩი კოვიდ 19-ით დაინფიცირებას მხოლოდ ღვთის სასწაული იქნება. ყოველდღე შევდივარ ჩემ ცხრა ბებოსთან, რომელთაც ვირუსი დაუდასტურდათ. მარტო მე შევდივარ, რადგან თანამშრომლების დაინფიცირებას ვერიდები, სხვა ბებოებს რომ არ გადავდოთ. ყოველდღიურად, მწოლიარეებს ვუცვლი პამპერსს, ვაჭმევ ხელით, ვქლორავ და ვადენზიფიცირებ მთელ სართულს, ვეფერები და ვამხნევებ.
ეს არის ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომელიღაც ფილმის გმირი მგონია თავი. რეკომენდაციით ბუშტებს ვბერავთ, სიცხეს ვებრძვით და ეს ყველაფერი იუმორის ფონზე. კარს რომ ვაღებ, შორიდან ვიძახი, რომელი მისიით ვარ ამჯერად – მზარეული, დამლაგებელი თუ სანიტარი?!
არ გვყავს ექთანი, ინფიცირებულია. არ გვყავს მომვლელი, ისიც ინფიცირებულია. არც მზარეული და კიდევ ერთი მომვლელი, რომელთაც უბრალოდ შეეშინდათ კოვიდის (ევროპაშიც ბევრმა დატოვა პანსიონები იმ დროს), მათიც მესმის. თუმცა, მყავს ჩემი დიდი ოჯახი და ჩემი უსაყვარლესი გოგონები: ნატაშა, ეთო, თამუნა და მაიკო. ჩვენ გავუძლებთ ყველაფერს, რადგან ერთად ვართ და ჩვენებისთვის ვიბრძვით.
მოხუცების დაინფიცირების შესახებ როცა შევიტყვე, პირველი წუთები ყველაზე რთული იყო. შოკი მქონდა. არ დავმალავ, ძალიან შემეშინდა. თუმცა, რამდენიმე წუთი გაგრძელდა. რთულია, როცა შენ საყვარელ ადამიანებს, რაღაც უხილავი და ცუდი ემუქრებათ, მაგრამ მალევე მოვედი გონს და გამოსავლის ძებნა დავიწყეთ.
მადლობა ქალბატონ ცისნამი დიდებაშვილს, თამარ ლომიძეს. ისინი ჩვენი ეპიდემიოლოგები არიან და მათთან ზარის შემდეგ, რეკომენდაციების განხორციელებას შევუდექით. გვყავს სიცხიანები, მაგრამ სიტუაცია მთლიანობაში სტაბილურია. სხვა უფრო გვიჭირს, პერსონალის სიმცირე, რაც სიძნელეებს ქმნის.
დღე მეექვსე! მშვიდობით ჩავამთავრეთ. იყო ექსცესები, მაგრამ ჩვენი ძალებით გავუმკლავდით. სასწრაფოს გამოძახებას სამწუხაროდ აზრი არ აქვს, პირველი და ბოლო დახმარებაც ერთმანეთის ჩვენ ვართ, მაგრამ იყო სასიამოვნო სიურპრიზიც, რომ არ მოგიყვეთ არ შემიძლია..
წინა დღეს სასწრაფოს ექიმი (ახალგაზრდა კაცი), უშედეგოდ ცდილობდა ჩვენი ლია ბებოს საავადმყოფოში გადაყვანას, მაგრამ ვერ მოხერხდა და კიდევ კარგი მეორე დილით სიცხემ უკან დაიხია და დღეს საერთოდ სიცხე არ აქვს, მაგრამ ამ ადამიანმა, რომლის არც სახელი ვიცი და მით უმეტეს არც გვარი, დღეს დილით ეკიპირება მომიტანა, როცა ჩემსას შეხედა, აშკარად გაუჩნდა დახმარების სურვილი. ასეთი ადამიანებით უნდა ვიამაყოთ, რომელთაც იქ სადაც შეუძლიათ აკეთონ სიკეთე, უკან დახევა არ შეუძლიათ.
დილით სრული აღჭურვილობა დამახვედრეს, რომელსაც ბებოებმა სახელი მოუფიქრეს და ყოველ შესვლაზე მეკითხებიან – ამჯერად, რომელი პლანეტიდან დაეშვიო?
მიყვარს ჩემების იუმორის გრძნობა, რომ არ ტოვებთ და ჩემსავით, ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი შეუძლიათ გაიცინონ.
რაც შეეხება მედპერსონალს, ახლა გაცილებით უკეთ მესმის მათი ვისაც, დღედაღამ ეკიპირებით სიარული უწევთ. უმძიმესია! ამ ფოტოზე საათნახევრის მოხსნილი მაქვს სახიდან პირბადეები, ეკიპირების ქუდი და ჩანაჭდევები არ გადის , რადგან დღეში სულ რომ შევკრიბე რამდენჯერ შევდივარ ჩემებთან, გამოდის 6-7 საათი მიკეთია. რთულია: კანი შრება, სისხლძარღვრბი ზედაპირზე ამოდის და საგრძნობლად შესამჩნევია. ჯერ კიდევ ბებოებთან ყოფნისას ვიდრე, საქმეს დავასრულებ ვგრძნობ, რომ გაუსაძლისად მცხელა და სული მეხუთება. ეს ზღვაში წვეთია, რასაც ათასობით ჩვენი თანამოქალაქე გრძნობს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.
ის, რაც ახლა ხდება ჩვენთან კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ძალა ერთობაშია და ვიდრე ერთმანეთზე ზრუნვა შეგვიძლია ვერაფერი მოგვერევა. დღეს სადილი საკუთარ სახლში გაგვიმზადა და მოგვაწოდა ჩვენმა ნათიამ, რომელიც ჩვენთან მეორე წელია აღარ მუშაობს (დეკრეტშია). სოციალურ ქსელში ჩემი პოსტი ნახა, რომ მზარეულის გარეშე დავრჩით და სასწარაფოდ მომწერა, ხვალ სადილს მე გავამზადებო. ჩემები გიჟდებიან ნათიას გემრიელობებზე.
ამ საღამოს ჩემი მეგობრებმა დამირეკეს, იგივე მითხრეს ბებოებისთვის და ბაბუებისთვის უზბეკურ პლოვს მოვამზადებთ მოდი და წაიღეო. მაშინ, როცა ყოველი დღე ძალიან რთულად თენდება და ღამდება, გულში მაინც სიხარული მაქვს ჩემებო, იმიტომ რომ ერთად ვართ და ვიცი თქვენთან ერთად ჩემ ბებოებს და ბაბუებს არაფერი გაუჭირდებათ”.
შეუძლებელია გულგრილი დარჩე ამ ადამიანით და ამ ისტორიით. როდესაც ყველაფერი კარგად დასრულდება, რუსოს და მის უსაყვარლეს მოხუცებს ვესტუმრებით და ბევრს მოგიყვებით.
“ფორტუნა” რუსო ბერიძეს გამძლეობას, მის ბებოებს და ბაბუებს კი ჯანმრთელობას უსურვებს.