LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი” – “ნაცმოძრაობამ” ზაალ უდუმაშვილი წარადგინა

94

„გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი“ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივი არჩევნებისთვის მერობის კანდიდატად დღეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, ზაალ უდუმაშვილი წარადგინა.

წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა.

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს ნიკა მელია იყრის. როგორც თავად მელიამ განაცხადა, ის მზად არის გამოაცხადოს „გადამწყვეტი ბრძოლა თბილისისთვის”, აპირებს დატოვოს პარლამენტარის მანდატიც.

რაც შეეხება მერობის კანდიდატს, მელია აცხადებს, რომ უდუმაშვილი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა არის გუნდის თანამოაზრე და გადამწყვეტ ბრძოლას სათავეში სწორედ ის უნდა ჩაუდგეს.

„დაიბადა და გაიზარდა თბილისში, მისი მშობლების საფლავები არის თბილისში,“ – აღნიშნა ნიკა მელიამ უდუმაშვილის წარდგენისას.

თავად მერობის კანდიდატი კი ამბობს, რომ აპირებს იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ, მისი მერობის შემთხვევაში დედაქალაქში პარტიული ნიშნით დასაქმებისა და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები აღარ იქნება, იზრუნებს ქალაქის იერსახეზე და გაათავისუფლებს თბილისს საცობებისგან. თუ უდუმაშვილი მერი გახდება, პირობას დებს, რომ  დედაქალაქში იქნება მეტი საფეხმავლო ზონა.

„ამდენი წელია, მისმენდით თქვენს სახლებში, მოვიდა დრო, მოვისმინო თქვენი აზრი, მოვისმინო თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახლებში, პარკებსა და სკვერებში, მეტროსადგურებსა და ავტობუსებში, ყველგან სადაც ხართ, ყველგან, სადაც თბილისია.

„დღეს თბილისელები გაბრაზებულები ვართ, რადგან არასოდეს ყოფილა ქალაქი ასე უყურადღებოდ მიტოვებული. ჩემი წარმდგენი, ანუ თქვენ, გაბრაზებული თბილისელები ხართ და მე ვარ გაბრაზებული თბილისელების კანდიდატი.

„თბილისი ჩემი სახლია, აქ დავიბადე და არსად სხვაგან ცხოვრებას არ ვაპირებ. აქ დავმთავრე სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი, აქ არის ჩემი მშობლების საფლავი, აქ მყავს დიდი სამეგობრო, მიყვარს ეს ქალაქი და მინდა ვიზრუნო მის აწმყოსა და მომავალზე. ჩემი მოკავშირეები მინდა გახდეთ თქვენ, ჩემი თანაქალაქელები,“ – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

magti 5g