საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ხელისუფლება იშლება.
როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნებია, რისი ალტერნატივაც არ არსებობს.
„არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის ცნობილი არა პრინციპი, არამედ მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, სადაც არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ მართავს დიდ ხანს ქვეყანას თავის ხალხის წინააღმდეგ.
ხელისუფლება უკვე იშლება. ვერტიკალში ძალიან სერიოზული კითხვებია. პოლიცია ცუდად ეგუება იმას, რომ კრიმინალურ ვერტიკალს უნდა დაემორჩილოს და არა ჩვეულებრივ ინსტიტუციურ ვერტიკალს. დიდ ხანს ვერც ერთი ინსტიტუტი და ვერც ერთი ადამიანი, რომელიც მიყიდული არ არის, ვერ შეეგუება იმას, რომ მართული იყოს ამ ფორმით და პირდაპირ ინსტრუქციებით იყოს დამორჩილებული.
დღეს მმართველ გუნდს ორი ვარიანტი აქვს: ერთი, რომ ეს რეალობა დაინახოს, დაინახოს, რა უნდა ქართველ ხალხს და წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე იმ ძალებთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში არიან და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც არსებობს. ამაზე დოკუმენტი მზადდება და მომდევნო დღეებში პრაქტიკულად მზად იქნება.
მეორე ვარიანტი ბევრად უფრო ძნელი და რთულია ქვეყნისთვის, თუ ქვეყანაზე ფიქრობს ვინმე, რომ მმართველი პარტია თავის ბოლომდე დაშლას დაელოდოს, რაც სხვა ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილებას მოითხოვს, მაგრამ ესეც იქნება, თუკი მმართველი პარტია არ შეეგუება იმას, რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხის, ჩვენი პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა, რომ ახალი არჩევნების გარეშე არაფერი შეიძლება ამ ქვეყანაში.
ჩვენ ორივე ალტერნატივისთვის მზად ვართ და მზად ვიქნებით. ეს ბრძოლა გრძელდება, მისი მთავარი კომპონენტი ის ხალხია, რომელიც ქუჩაში დგას, რასაც რამდენადაც შემიძლია, ვუერთდები. ის ხალხი, რომელიც დგას არა მხოლოდ თბილისში, არამედ – თბილისის გარეთაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
„შეიძლება ორბელიანების სასახლეს არ ჰგავდეს, მაგრამ აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია, ამ ქვეყნის, რომელიც დღეს ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფება“ – სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ახალ ოფისში უმასპინძლა
„პრაქტიკულად, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც შენდება და შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, დღეს დაშლის პირასაა, რამეთუ, ყველა მისი ინსტიტუტი და, პირველ რიგში, კონსტიტუცია აღარ არსებობს, კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი“ – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, „პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა. ერთპარტიული შეკრება არის, რომელიც რა გადაწყვეტილებებს ან რატომ იღებს, არავინ იცის“.
„ვისი ინსტრუქციით არის გადაწყვეტილებები მიღებული, ერთი ადამიანისგან საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს მიღმა, ესეც აღარ ვიცით. ვინ, რატომ, სად ინიშნება დიდ ხანია არ ვიცით ან რატომ მოხსნეს ვიღაც თანამდებობიდან, ესეც არასდროს არის ახსნილი, ესეც არის იმ დემოკრატიული პრინციპების დარღვევა, რომელზეც ნელ-ნელა ეს ქვეყანა შედნებოდა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი შეფასებით, მთავრობა და პარლამენტი არ არის ლეგიტიმური.
„ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო მთავრობა დღეს ცდილობს შექმნას მმართველობის სურათი, როცა რეალურად, ქვეყანა არის გაჩერებული. თვითონაც იმალებიან. იმალებიან არა მხოლოდ პარლამენტში ჩაკეტილი კარების მიღმა, არამედ მათი ყველა მოქმედება არის ასევე დამალული, არ არის ახსნილი და ზოგჯერ გატანილი არის ქალაქიდანაც, როგორც „ამბასადორიალის“ მაგალითით მოხდა. ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი. ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი არის ერთი პარტიის ხელში, ალბათ, დანიშნული არის ერთი პარტიის მიერ. ეს ეხება ყველაფერს, ანტიკორუფციულ ბიუროს, აუდიტს, ეროვნულ ბანკს, პერსონალურ მონაცემთან დაცვის სამსახურს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი: „დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დავესწრები“
„თქვენ იცით და მე დღეს ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვიქნები ვაშინგტონში ჯო უილსონის დაპატიჟებით“.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ის არის და იქნება პრეზიდენტი.
„მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი. როგორი იქნება პარტიების გაშლა ამ არჩევნებში და ამაში ჩემი მონაწილეობა, ეს ხვალინდელი კითხვაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სლაიდზე ფოტო: ინტერპრესნიუსი