„ჩვენ ყოველთვის მივყვებით, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ოპოზიციას მოვუწოდებ – როცა დაიდება 60-%-იანი შედეგი, შეეგუოს იმას, რომ ქართველმა ხალხმა მათ საბოლოოდ უთხრას უარი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის განცხადებით „ქართველი ხალხის დაახლოებით 60% დღეს მხარს დაუჭერს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას“:
დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს – ამომრჩევლებმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყეს.
„მე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ოპოზიციას მოვუწოდებ – როცა დაიდება 60-%-იანი შედეგი, შეეგუოს იმას, რომ ქართველმა ხალხმა მათ საბოლოოდ უთხრას უარი.
ქართველმა ხალხმა საბოლოოდ თქვა უარი ბნელ წარსულში დაბრუნებაზე. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, ნახეთ, ვერცერთმა პარტიამ, ვერ შეძლო ვერცერთი მასობრივი აქციის ორგანიზება. მათ საბოლოო მოაწყვეს ერთი საერთო შეკრება და იქაც კი ვერცერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ოპოზიციიდან ვერ გაბედა სცენაზე ასვლა, იმდენად იციან, რომ დისკრედიტირებულები არიან და ქართველი ხალხის თვალში რეპუტაცია განულებული აქვთ. ასეთ პირობებში ისინი ძალიან მძიმე მარცხს უნდა შეეგუონ.
დღევანდელ დღეს ქართველი ხალხი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას საბოლოოდ ეტყვის უარს. ქართველი ხალხის დაახლოებით 60% დღეს მხარს დაუჭერს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას“,- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა
„ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის“ – ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა
შალვა პაპუაშვილი: „დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის“