დღეს ჰოსპიტალში ვიყავი. ეს არის უზარმაზარი სპორტდარბაზი, რამდენიმე ათეული საწოლით. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ იატაკზეა. მებრძოლები კიდურების, ხელების, ფეხების გარეშე წვანან. ბევრი მათგანი იღუპება, რადგან ჩვენ ვერ ვუწევთ სამედიცინო დახმარებას, – ამის შესახებ უკრაინელი ჯარისკაცი ჰყვება აზოვსტალში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას.
ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.
ჯარისკაცის თქმით, მედიკოსები ოპერაციას ანესთეზიის გარეშე აკეთებენ. ის შეესწრო, როგორ უკეთებდნენ ერთ-ერთი ჯარისკაცს ოპერაციას, რომელსაც ფეხის მძიმე ჭრილობა ჰქონდა:
„მას კბილებში ქამარი ჰქონდა. ანესთეზიის გარეშე იყო და გამგმირავად ყვიროდა“, – აღნიშნა მებრძოლმა.
მისივე თქმით, პირობები საშინელია. მედიკამენტები არ არის. რაც შეეხება მძიმე ჭრილობების მქონეებს, “მათი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია”.
დაზუსტებით არ იცის, არის თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქე კომპლექსიდან ევაკუირებული.
„100%-ით ვერავინ იქნება დარწმუნებული. მოდით ვთქვათ, რომ ჩვენ გამოვიყვანეთ ის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა შესახებაც ვიცოდით. სადღაც ისინი შეიძლება იყვნენ ნანგრევების ქვეშ, სადღაც ბუნკერებში. ამიტომ, 100%-ით დარწმუნებული ვერავინ იქნება“, – აღნიშნა დონეცკის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, რომელიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფება.
გასულ კვირას ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყო და „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს ბავშვები, ქალები და მოხუცები. მედიის ინფორმაციით, ამ დროსთვის ქარხნის ტერიტორიაზე ისევ რჩება დაჭრილი სამხედროები და „აზოვის პოლკის“ ჯარისკაცები.