იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ „როდესაც ურეკში შლაგბაუმთან გაჩერდა და შტადლერის მატარებელი დაინახა, თავი ევროპაში ეგონა“, ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „მასაც უნდა იმ საქართველოში, ავსტრიას და ჰოლანდიას რომ ჰგავს თურმე შლაგბაუმებით, მატარებლებით და საკონცერტო დარბაზებით…“
მისივე თქმით, საქართველოში მძიმე სოციალური პირობებია შექმნილი, სადაც „ადამიანებს შიათ, სწყურიათ, სტკივათ, სცივათ, სწყინთ, არავისი სჯერათ, ეშინიათ…“.
„მეც მინდა იმ საქართველოში, ავსტრიას და ჰოლანდიას რომ ჰგავს თურმე შლაგბაუმებით, მატარებლებით და საკონცერტო დარბაზებით…
ჩემს პირად მიმოწერასა თუ მოგზაურობაში სხვა საქართველოა…
იქ;
ადამიანები, ექიმის მიერ გამოწერილი წამლების გრძელი სიიდან ერთი აუცილებლის ამორჩევაში დახმარებას ითხოვენ, რადგან მეტის შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ,
ავადმყოფები დახმარებას ოკეანის გაღმა ითხოვენ რადგან სამედიცინო სექტორს მათი ადექვატური მომსახურეობის რესურსი არ გააჩნია,
სასოწარკვეთილი დედები, შვილებისთვის საკვების, მკურნალობის, სასკოლო ნივთების შესაძენად დახმარებას ითხოვენ,
ახალგაზრდები ქვეყნის სამუდამოდ დასატოვებელ გზებს ეძებენ,
ადამიანების უმეტესობას ათეული წლები ასაკის და რისკების შესაბამისი სამედიცინო სკრინინგი არ გაუვლია უსახსრობის გამო,
ოფიციალური არხებით დაფინანსებული ტროლ-ბოტების ფსიქოლოგიური ტერორის მსხვრეპლნი, წარმოუდგენელ, ყველაზე ბოროტ წარმოსახვასაც კი რომ გაუჭირდება შეთხზვა, ისეთ მითებს შეწირულნი, იყრიან თავს ნუგეშის მისაღებად,
იქ, შიათ, სწყურიათ, სტკივათ, სცივათ, სწყინთ, არავისი სჯერათ, ეშინიათ…“, – წერს ნანა გეგეჭკორი.