LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა მსოფლიოში უძველესი მუმიები აღმოაჩინეს

107
მეცნიერებმა მსოფლიოში უძველესი მუმიები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აღმოჩენილი ადამიანების მუმიები, რომლებიც კვამლით კონსერვაციის კვალს ატარებენ, მეცნიერებისთვის ცნობილთა შორის ყველაზე ძველია. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS).

„შებოლილი“ მუმიების ასაკი არც მეტი არც ნაკლები 12 ათას წელს აღწევს. ეს ხუთი ათასწლეულით მეტია, ვიდრე სამხრეთ ამერიკის ჩინჩოროს მუმიები, რომლებიც აქამდე მსოფლიოში უძველესად მიიჩნეოდა.

ნეშტები დამწვრობისა და ჭრილობების კვალით აღმოჩნდა ჩინეთის, ვიეტნამისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. მუმიები მოხრილ პოზაში იყვნენ. დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოებები სხეულების მუმიფიცირებისთვის კოცონზე შებოლვის გზას იყენებდნენ.

კვლევის ავტორის, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის ჰიროფუმი მაცუმურას თქმით, ეს რიტუალი ადამიანებს წინაპრებთან ფიზიკურ და სულიერ კავშირს უნარჩუნებდა. სავარაუდოდ, უძველესი ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ღამით სულებს შენარჩუნებულ სხეულებში შეეძლოთ დაბრუნება.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა სიაო-ჩუნ ჰუნმა აღმოჩენას „დიდი სიურპრიზი“ უწოდა. „ძვლები ძალიან ძველია და საოცარია, რომ ეს ტრადიცია ასეთ უძველეს პერიოდს ეკუთვნის,“ — განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ მუმიფიკაციის ტრადიცია, რომელიც კვამლით დამუშავებას გულისხმობს დღემდე არსებობს. მას, კერძოდ, ავსტრალიისა და პაპუა-ახალი გვინეის ადგილობრივი თემები პრაქტიკაში იყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები