14 წლის გოგო, რომელიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში ხუთმა რუსმა ჯარისკაცმა გააუპატიურა, ორსულადაა. მოზარდი ბავშვის გაჩენას გეგმავს.
ინფორმაციას რადიო თავისუფლება ფსიქოლოგ ალექსანდრა კვიტკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, თავად ფსიქოლოგი ამის შესახებ დაშავებული ბავშვის მშობლების თანხმობით, ომბუდსმენის ცხელ ხაზზე ჰყვება.
როგორც მედიასაშუალება წერს, მოზარდი გეგმავს ბავშვის დატოვებას, რომლის ბიოლოგიური მამა ოკუპანტი და მოძალადეა.
ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ გოგონას ოჯახმა ბავშვის დატოვება გადაწყვიტა, რადგან ექიმებმა გააფრთხილეს, რომ თუ ახლა აბორტს გაიკეთებს, დაზარალებული, სავარაუდოდ, შვილის გაჩენას ვეღარ შეძლებს.
გოგონასთან ახლა ფსიქოლოგი მუშაობს.
მედიის ინფორმაციით, კვიტკო ამჟამად მუშაობს 5 გოგონასთან, რომელთა ასაკიც 14-18 წელია, ყველა მათგანი რუსი ჯარისკაცების გაუპატიურების შედეგად დაორსულდა.
25 აპრილის მონაცემებით, ომბუდსმენის ცხელ ხაზზე სექსუალური დანაშაულის 101 შემთხვევის შესახებ მიმართეს.
მსხვერპლთა შორის კი არიან არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცები და მცირეწლოვანი ბავშვებიც. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი, რომელთანაც ახლა ფსიქოლოგი ალექსანდრა კვიტკო მუშაობს, 10 წლისაა.
“14, 15, 16 წლის გოგოებს ხშირად აუპატიურებენ. ომის შემდეგ უკრაინაში ბევრი ორსული მოზარდი იქნება”, – ამბობს ფსიქოლოგი.
ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ ამ დროისთვის, გაუპატიურების მსხვერპლთა შორის იძულებითი ორსულობის 12 შემთხვევაა ცნობილი, მაგრამ რეალურად ეს რიცხვი უფრო მეტია, ომბუდსმენი ამბობს, რომ მსხვერპლთა მხოლოდ მცირე რიცხვია მზად თქვას, რა გადახდა თავს.