„აშშ-მ პარტნიორებს შეატყობინა, რომ ჩინეთმა რუსეთის თხოვნის შემდეგ ომში სამხედრო აღჭურვილობით, მათ შორის, საჰაერო რაკეტებით დახმარების გაწევაზე, გარკვეული ღიაობა გამოხატა“, – ინფორმაციას გამოცემა Financial Times ვაშინგტონის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ვაშინგტონმა მოკავშირეებს შეატყობინა, რომ რუსეთმა ჩინეთს 5 ტიპის საბრძოლო მასალებით დახმარება სთხოვა, მათ შორის, საჰაერო და სახმელეთო რაკეტებით, დრონებით, დაზვერვასთან დაკავშირებული აღჭურვილობით, ჯავშანტექნიკითა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით.
გამოცემის ინფორმაციით, ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მედიას განუცხადა, რომ აღჭურვილობის შესახებ ჩამონათვალი არაზუსტი იყო, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
როგორც Financial Times წერს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა უარი განაცხადეს კომენტარი გაეკეთებინათ გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სამხედრო დახმარების შესახებ რუსეთის თხოვნას ჩინეთმა დადებითად უპასუხა, თუმცა აღნიშნეს, რომ ვაშინგტონი „ღრმად შეშფოთებულია ჩინეთის რუსეთთან კავშირების შესახებ“.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს საერთაშორისო მედიამ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობაში დახმარება და ომში მხარდაჭერა სთხოვა.
„არასდროს გვსმენია“ – აშშ-ში ჩინეთის საელჩო რუსეთის მიერ სამხედრო დახმარების თხოვნის შესახებ
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
