სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტის საჰაერო სივრცე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამო დროებით დაიკეტა.
რუსული მედია ტელეგრამ-არხ 112-ზე დაყრდნობით წერს, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე ამოქმედდა სპეციალური გეგმა, რომელიც აეროპორტის საჰაერო სივრციდან სამხედრო და სამაშველო თვითმფრინავების გარდა, ყველა თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დაშვებას ან გაყვანას გულისხმობს.
მედიის ცნობით, აღნიშნული ზომები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მიიღება.
გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის საჰაერო სივრცე 200 კილომეტრის რადიუსში დაკეტილია. ამავე ცნობით, საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავმა ობიექტი ვერ აღმოაჩინა.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სურაჟის რაიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მანამდე ორი უპილოტო თვითმფრინავი ტუაფსეში ნავთობის საწყობიდან 100 მეტრში აფეთქდა.