მარია ანტუანეტათი დაწყებული კეიტ მიდლტონით დამთავრებული, ყველა ეპოქის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები სილამაზისა და ელეგანტურობის ეტალონებად ითვლებოდნენ. დღევანდელი დედოფლები და პრინცესები ძველებურად რჩებიან მოდისა და სილამაზის საზომად და თუ რამდენიმე საუკუნის წინ მათი “ბიუთი-საიდუმლოებები” მხოლოდ ფრეილინებმა და მოსამსახურეებმა იცოდნენ, დღეს მათი პატარა ტრიუკებით მთელი მსოფლიოს ქალბატონები ინტერესედბიან და ხშირად ითვალისწინებენ კიდეც.
ელისაბედ პირველი
ელისაბედ პირველის ეპოქაში ანუ მე-16 საუკუნეში “კოსმეტიკის” გამოყენება მიზანშეწონილი არ იყო, რადგან სახეზე რაიმეს წასმა სიგიჟედ ითვლებოდა. ბედის ირონიით, სწორედ იმ ეპოქაში იქცა ქალის სილამაზის ეტალონად ფერმკთალი, თითქმის გამჭვირვალე სახის კანი, ამიტომ მოდის მოყვარულები საზოგადოებრივ აზრზე თვალს ხუჭავდნენ და ხშირად მიმართავდნენ ტყვიისა და დარიშხანის შემცველ „კოსმეტიკურ” საშუალებებს. ტყვიის მათეთრებელით, რომელშიც ძმარიც შედიოდა, აქტიურად სარგებლობდა დედოფალი ელისაბედი. გარდა ამისა, ის შუბლზეც იპარსავდა თმას, რადგან ეს არისტოკრატული წარმოშობის ნიშნად ითვლებოდა.
მარია ანტუანეტა
საფრანგეთის დედოფალს – მარია ანტუანეტას კოსმეტიკური ნიღაბი, დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია. ორი ჩაის კოვზი კონიაკი აურიოთ 1/3 ჭიქა რძის ფხვნილში, მიღებულ მასას დაუმატეთ ერთი კვერცხის ცილა და ერთი ლიმონის წვენი. ნიღაბი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ავიწროვებს ფორებს, ცილა ეხმარება კანს აღდგენაში, რძის მჟავა ამცირებს ცხიმიანობას, ლიმონი კი, აშორებს მკვდარ ქსოვილებს.
ელისაბედ მეორე
ბრიტანეთის დღევანდელ დედოფალს ძალიან უყვარს პომადები. მისი აბსოლუტური ფავორიტი Clarins მარკის პროდუქციაა. მეტიც, 1952 წელს, კორონაციის ცერემონიისთვის მზადებისას, ბრიტანეთის დედოფალმა დამოუკიდებლად შექმნა პომადის ფერი, რომელიც იდეალურად შეეფერებოდა მისი ტანსაცმელს. აგურისფერ-წითელმა მუქი ფერის პომადამ The Balmoral Lipstick-ის სახელიც კი მიიღო მისი უდიდებულესობის შოტლანდიური მამულის პატივსაცემად.
გრეის კელი
ჰოლივუდის ვარსკვლავმა, “ოსკაროსანმა” გრეის კელიმ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაუდგინა საკუთარ თავს წესი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე არ ღალატობდა. კელის ყოველთვის თან ჰქონდა ხელის საცხი და დღეში რამდენჯერმე ისვამდა, რადგან თვლიდა, რომ სწორედ ხელები გასცემს ქალის ასაკს პირველ რიგში და ამიტომ აუცილებელია მათი მოვლა.
პრინცესა დიანა
ვიზაჟისტი მერი გრინველი, რომელიც პრინცესა დიანასთან მუშაობდა, საკუთარ მემუარებში იხსენებდა: ”პირველი, რაც დიანას ვასწავლე თვალების შეღებვა იყო, ავუხსენი, რომ არ შეიძლებოდა ცისფერი თვალების იმავე ფერის ფანქრით ან ჩრდილებით შეღებვა”. გრინვილმა დაარწმუნა ლედი დი აბსოლუტურად შეეცვალა საკუთარი ცხოვრებაც. ”ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად გაუმჯობესდა მისი სახის კანი, როცა მან ალკოჰოლის სმას დაანება თავი. დიანას პრაქტიკულად არ ჭირდებოდა მაკიაჟი, ჩემი ერთადერთი რჩევა კი, წამწამების თანაბრად – ძირიდან ბოლომდე შეღებვა იყო.
კეიტ მიდლტონი
კემბრიჯის ჰერცოგინიას უამრავი “ბიუთი-საიდუმლო” აქვს, რომელთა შორის ერთ-ერთი Nivea Soft-ის საცხია. როგორც ამბობენ, კეიტი არაერთხელ შეუმჩნევიათ აფთიაქში, სადაც ის სწორედ ამ საცხს ყიდულობდა. დედოფლის კოსმეტიკურ არსენალში ასკილის ზეთის პოვნაც შეიძლება, რადგან ის დარწმუნებულია, რომ ზეთი ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ჰერცოგინია შარლინი
ერთ-ერთ ინტერვიუში მონაკოს ჰერცოგმა ალბერ მეორემ აღიარა: ”ჩემი აზრით, შარლინი ყველაზე ლამაზი დილასაა ყველანაირი მაკიაჟის გარეშე”. სინამდვილეში, მონაკოს ჰერცოგინიას ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო 3LAB-ის კოსმეტიკაშია, რომელსაც ის პროფილაქტიკის მიზნით მიმართავს. მის მარაგში ყოველთვისაა Perfect Neck Cream-ის, Super Serum-ის და Super Eye Cream-ის კოსმეტიკური საშუალებები.
დედოფალი რანია
თავისი მუქი ფერის კანით, ნუშისებრი თვალებით და ხშირი შავი თმით იორდანიის დედოფალი რანია, აღმოსავლური სილამაზის ნამდვილი ეტალონია და ყველა “ბიუთი-რიტუალიც” მისი ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმას ემსახურება. არასდროს სარგებლობს თმის საშრობით, საზოგადოებაში გასვლის წინ კი, უპირატესობას ნახევრად გამჭვირვალე ტონალურ საშუალებებს და თვალის შავ ფანქრს ანიჭებს.
დედოფალი ლეტისია
ესპანეთის დედოფლის მთავარი სიამაყე მისი იშვიათი მწვანე ფერის მეტყველი თვალებია, რომელთა ხაზგასასმელად მისი უდიდებულესობა ზეთისხილის ან მუქი მწვანე ფერის ფანქარას იყენებს.