LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობარს“ თვეში 400 ახალგაზრდა სტუმრობს – რა გეგმები აქვს ზუგდიდში პირველ სოციალურ ბარს / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

43
მეგობარი

„მეგობარი“ არის სამეგრელოს რეგიონში პირველი სოციალური ბარი, რომელიც აერთიანებს ორ სივრცეს, ერთი მხრივ უფასო სამუშაო სივრცე – ახალგაზრდებისთვის, სადაც დღის განმავლობაში ეწყობა ტრენინგები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები და მეორე მხრივ კაფე-ბარს, რომლიდანაც მიღებული შემოსავლებით ხორციელდება უფასო სამუშაო სივრცის და ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერა.

2021 წელს ,,მეგობარი“ გახდა წლის სოციალური საწარმოს ნომინანტი და მეორე ადგილი დაიკავა.

ამჟამად ,,მეგობარი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების როლი სოციალურ მეწარმეობაში“, რომელიც ითვალისწინებს –  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას  და სამეწარმეო უნარების განვითრებას.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად  ედუარდ ფარცვანია – „მეგობარის“ დამფუძნებელი.

– რატომ გადაწყვიტეთ სოციალური საწარმოს დაფუძნება და რა არის თქვენი ძირითადი მისია.

– ზუგდიდში, სადაც  „მეგობარი“ ფუნქციონირებს, გვქონდა ისეთი სივრცეების საჭიროება, რომელსაც ახალგაზრდები უსასყიდლოდ გამოიყენებენ.  გვინდოდა ისეთი სივრცის არსებობა, რომელიც თანატოლებს შესაძლებლობას მისცემდა  შეხვედრებისა და გართობის საშუალებას.

– რამდენად წარმატებულია ეს საქმიანობა, რამდენად ჩართულები არიან ახალგაზრდები და  თქვენი ბარის მოდელი რამდენად ყოფნის ამ ყველაფრის დაფინანსებას?

– სივრცე ფუნქციონირებს 2017 წლიდან. პირველი ნაბიჯები გადავდგით ბავშვთა და ახალგაზრდული ფონდის განვითარების მხარდაჭერით. უკვე მეხუთე წელია, სივრცე ფუნქციონირებს, რაც მისი მდგრადობის აღმნიშვნელიცაა.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს და სტაბილურობას, რა თქმა უნდა ვხელმძღვანელობთ იმ სხვადასხვა მიგნებებით, რომელიც ნაკარნახევია ისევ და ისევ ჩვენი ქალაქისა თუ ჩვენი სტუმრებისგან.

გარკვეული პერიოდი გვქონდა ჰოსტელის მომსახურებაც. ძალიან ბევრ უცხოელ ახალგაზრდას ვმასპინძლობთ.

მიმდინარე, ახალი პროექტი „მეგობასი“ გვაქვს, ძველი ავტობუსის ბაზაზე შევქმენით სივრცე, რომლითაც დღეს უკვე შესაძლებელი გვაქვს ბევრ ადგილს და ბევრ სოფელს, თემს თუ სხვადასხვა მუნიციპალიტეტს ვესტუმროთ და ახალგაზრდებს ადგილზე შევთავაზოთ ყველა სერვისები, რომელიც აქამდე მხოლოდ ერთ სივრცეში იყო. ეს რეგიონის განვითარებაზეც აისახება.

– განათლება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკას და მეწარმეობას. ბოლო პროექტი, რასაც თქვენ ახლა ახორციელებთ, ესაა სწორედ სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება. მგონი ზრდასრულებსაც არ აწყენდათ ამის ცოდნა.

რა კითხვები აქვთ მეწარმეობასთან დაკავშირებით. თუ უჩნდებათ სურვილი, რომ თვითონაც მსგავსი ბიზნესი შექმნან.

– ჩვენი ერთ-ერთი ბოლო პროექტი, სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ითვალისწინებდა და ახალგაზრდების დაინტერესების საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ.

ბოლო რამდენიმე თვეა ვახორციელებთ ამ პროექტს. უკვე ძალიან ბევრ ადგილას და ბევრ სკოლაში მოგვიწია შეხვედრების ჩატარება, სადაც ახალგაზრდები გარკვეული შედეგებით მოდიან. საბოლოო მიზანი იყო მათთვის კონკრეტული გზების სწავლება. დღეის მდგომარეობით უკვე გვაქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი, მათ მიერ მოწოდებული, რომელსაც დამატებით დახვეწა სჭირდება. უახლოეს მომავალში თვითონაც შექმნიან მცირე მასშტაბის სოციალურ საწარმოს, რომელიც კიდევ უფრო დიდი მოტივაცია იქნება რეგიონში მცხოვრები სხვა დანარჩენი ახალგაზრდებისთვის და ახალი მუხტის შემომტანი იქნება ჩვენს რეგიონში.

– ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ალბათ ამ გზებსაც ასწავლით, სად შეიძლება, პირველი დაფინანსება მოიძიონ, რა საგრანტო პროგრამები არსებობს.. ალბათ მათთან მისვლის გზებსაც ასწავლით..

– ზოგადად პროექტი ითვალისწინებს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულს. პროექტი ითვალისწინებს იმ ადამიანებთან და იმ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრას, რომლებსაც გარკვეული ინტერესები აქვთ, რომ ხელი შეუწყონ ახალგაზრდულ იდეებს და  მისცენ სტარტაპებს ის მუხტი, რომელიც მათ იდეების პროექტებად გარდაქმნაში დაეხმარება.

– უახლოეს გეგმებზეც მოგვიყევით. რამდენი ადამიანია თქვენთან დასაქმებული? აპირებთ თუ არა გაფართოებას.

– იმისთვის, რომ ჩვენი საქმიანობები შევაფასოთ, პერიოდულად გვჭირდება გარკვეული სტატისტიკა ვნახოთ, ამით ვიგებთ, რამდენადაც სწორი გზით მივდივართ.

მეგობრულ სივრცეს დაარსების დღიდან თვეში საშუალოდ სტუმრობს 400 ახალგაზრდას.

ახალგაზრდები თვითონვე გეგმავენ და თვითონვე არიან განხორციელების პროცესში ჩართული. ეს არის ის რეცეპტი, რატომაც გვსტუმრობს ძალიან ბევრი ახალგაზრდა და რატომაც იყენებს ჩვენს სივრცეს ყოველდღიურად.

რაც შეეხება გეგმებს- ვაპირებთ,  „მეგობასის“ გამოყენებით უნდა მივიდეთ სკოლაში, უფრო მეტ მუნიციპალიტეტში და მივიდეთ იმ ახალგაზრდებთან, ვისაც ადრე არ ჰქონდა შესაძლებლობა,  ტრანსპორტირების ნაწილისა თუ მანძილის გამო, მივცეთ მათ შესაძლებლობები, რომ გამოიყენონ თავიანთი რესურსები ჩვენი ბაზის საფუძველზე, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში შევქმენით.

ბაზაში ვგულისხმობ როგორც თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, ასევე იმ აღჭურვილობას და ინვენტარს, რომელიც „მეგობარს“ გააჩნია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g